კორონავირუსი და ეკლესია

შსს-ს საპატრიარქოსთან ეფექტური ძალისხმევის და ეფექტური კომუნიკაციის იმედი აქვს

Eurus.Ge

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით ამბობს, რომ უწყებას "საკმაოდ ეფექტური" კომუნიკაცია აქვს საპატრიარქოსთან და რომ ამ გამოწვევასაც "ეფექტურად" გადაჭრიან. 

"პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავემორჩილოთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, თუმცა ამ მიმართულებით მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს საკმაოდ ეფექტური კომუნიკაცია აქვს საპატრიარქოსთან და მე ვფიქრობ, რომ ამ გამოწვევასაც ეფექტური ძალისხმევით საკმაოდ ეფექტურად გადავჭრით,"- თქვა საბანაძემ რუსთავი 2-ის ეთერში. 

ამ დრომდე უცნობია, როგორ ჩატარდება საქართველოს ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგია, რადგან ახალი კორონავირუსით გამოწვეული ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმის ფარგლებში ქვეყანაში საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-მდე ე.წ კომენდანტის საათია გამოცხადებული. ამასთან, იკრძალება სამ ადამიანზე მეტის თავშეყრაც, თუმცა ეს უკანასკნელი ეკლესიას არ ეხება, სადაც ყოველკვირეული წირვა ჩვეულ რეჟიმში, საერთო კოვზით ზიარებით ტარდება. 

ეპისკოპოსები და მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ერთმანეთთან კომუნიკაცია აქვთ და კომპრომისის მიღწევის იმედი აქვთ. 

ამავდროულად, მთავრობის წევრები, ისევე როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები მრევლს მოუწოდებენ, დარჩნენ სახლში და დაიცვან კანონი და რეკომენდაციები. 

საპატრიარქო პანდემიის სააღდგომოდ გადავლას ელოდება, სახელმწიფო კი - აღდგომიდან ორ კვირაში კორონავირუსის ინფიცირების პიკს.

კომენტარები