ზალკალიანი: თუ მგზავრმა სპეცრეისის ბილეთში 200€-ზე მეტი გადაიხადა, მზად ვარ, პასუხი ვაგო

საქართველოს მთავრობა

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად დანიშნული სპეცრეისების ბილეთის ფასი 199€-ზე მეტი არ არის და ეს "მკაცრად კონტროლდება".

"თუ კი ერთ მაგალითს, ერთ მგზავრს წარმოადგენთ, რომელიც უკვე დაბრუნდა საქართველოში და გადაიხადა 200€ - ზე მეტი თანხა, მე პირადად მზად ვარ, რომ პასუხი ვაგო ამასთან დაკავშირებით. მე, რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მაქვს ის ბილეთები, რომელიც ადრე არის გაყიდული განსხვავებულ ფასად, იმ კომერციულ რეისებთან ბმაში, რომელიც აირზენას ჰქონდა ადრე გამოცხადებული, სანამ დაიწყებოდა სპეცრეისები", - თქვა ზალკალიანმა ბრიფინგზე.

ზალკალიანის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში 5 000-მდე საქართველოს მოქალაქეა დაბრუნებული, "არა მხოლოდ საჰაერო სივრცით." 

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად 10 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყნიდან 6 სპეცრეისი შესრულდება. 

"10 აპრილს განხორციელდება თბილისი-ლარნაკას რეისი და 130-მდე მოქალაქე დარუნდება. ასევე, 12 და 14 აპრილს ბერლინიდან და ამსტერდამიდან განხორციელდება რეისი. მგზავრთა რაოდენობის შესახებ დამატებით გაცნობებთ, რადგან ბილეთების გაყიდვა ორი დღით ადრე დაიწყება. ასევე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, კიდევ 3 დამატებითი რეისი დაინიშნა. მათ შორის თელავივიდან, რომელიც 18 აპრილს განხორციელდება, ასევე რომიდან და ბარსელონადან 24 და 27 აპრილს", - თქვა ზალკალიანმა. 

საქართველოს მოქალაქეები უკვე დააბრუნეს შემდეგი ქვეყნებიდან : ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი,ბულგარეთი,გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი. 

ამის მიუხედავად, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ დანიშნული რეისები და ბილეთები საკმარისი არ არის, ზოგიერთ მათგანს კი ბილეთებისთვის საკმარისი თანხა არ აქვს. ზოგიერთმა მათგანმა უცხოეთში საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი დაკარგა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს 27 მარტს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ემიგრანტების დაბრუნებაში დახმარება შესთავაზა, თუმცა უწყებამ მის შეთავაზებას აზრს მოკლებული უწოდა. 

ასევე, 6 აპრილს უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების გზებზე ისაუბრა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. ბოკერიას თქმით, საქართველოს 6 000-დან 10 000 მოქალაქამდე ქვეყანში დაბრუნებას ვერ ახერხებს. მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები პრობლემას ფრენების სირთულით ხსნიან, თუმცა რეალურად პრობლემა საკარანტინო ადგილების არასაკმარისი რაოდენობაა. ბოკერია ამბობს, რომ საკარანტინო სივრცის რაოდენობა უნდა გაორმაგდეს. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებმაც ბოლო 1 კვირის განმავლობაში ქვეყანაში დაბრუნების სურვილი დააფიქსირეს, სახელმწიფომ კი მათი დაბრუნება ვერ მოახერხა, კომპენსაცია უნდა მიიღონ. ასევე, სახელმწიფომ კომპენსაცია უნდა გადაუხადოს იმ ემიგრანტებს, რომლებიც მომავალში დააფიქსირებენ სურვილს და სახელმწიფო მათ 10 დღის განმავლობაში ვერ ჩამოიყვანს.

კომენტარები