დონალდ ტრამპი

ტრამპი: მალე გვექნება დამატებით 110,000 სასუნთქი აპარატი, შევძლებთ სხვა ქვეყნების დახმარებას

დონალდ ტრამპი
Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მალე ქვეყანას იმაზე მეტი სასუნთქი აპარატი ექნება, ვიდრე სჭირდება კორონავირუსით დაავადებულთა დასახმარებლად.

ტრამპმა თქვა, რომ ქვეყანას უკვე აქვს 8,675 სასუნთქი აპარატი და მალე მზად იქნება დამატებით 110,000 მოწყობილობა, რომელთა დიდი ნაწილი აშშ-ს არ დასჭირდება. მან თქვა, რომ ზედმეტი ტექნიკა შესაძლოა იმ ქვეყნებში გადაანაწილონ, სადაც მათი ყველაზე დიდი საჭიროებაა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. ტრამპის თქმით, მათ უკვე სთხოვეს აშშ-ს 200 აპარატი.

თუმცა, მისივე თქმით 60,000 აპარატი მხოლოდ 29 ივნისისთვის იქნება მზად.

"არ მგონია, რომ ისინი დაგვჭირდება, თუმცა სამომავლოდ გვექნება და ასევე შევძლებთ დავეხმაროთ სხვა ქვეყნებს, სადაც სასუნთქი აპარატების ნაკლებობას განიცდიან." თქვა მან.

ამასთან ერთად, პანდემიასთან გამკლავებაში ჩავარდნების გამო ტრამპი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა. ის ორგანიზაციას ჩინეთისადმი მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.

ამჟამად აშშ-ში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა 400,549 ადამიანს, დაიღუპა 12,857, გამოჯანმრთელდა 21,711.

აღსანიშნავია, რომ ტრამპმა კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ აამოქმედა კორეის ომის დროინდელი თავდაცვის წარმოების კანონი, რომელიც სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებელ კომპანიებს ავალდებულებს პროდუქციის სხვა ქვეყნებში გაყიდვის ნაცვლად აშშ-ის ადგილობრივი მოთხოვნა დააკმაყოფილონ.

ტრამპის ადმინისტრაციამ კომპანიებს მოსთხოვა, შეწყვიტონ აშშ-ში დამზადებული სასუნთქი ნიღბების გატანა კანადასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. აშშ-მა ამოიღო სხვადასხვა ქვეყნის მიერ ამერიკული კომპანიებისათვის შეკვეთილი სამედიცინო აღჭურვილობა, მათ შორის პირბადეები და ხელთათმანები.

2 აპრილს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ქვეყანაში სამედიცინო აღჭურვილობის, მათ შორის დამცავი ნიღბების და ხელთათმანების ნაკლებობაა. მან შტატების გუბერნატორებს მოუწოდა, მოლაპარაკებები აწარმოონ მწარმოებლებთან და თავად უზრუნველყონ სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა.

ქირურგიული ნიღბების ნაკლებობის პირობებში კი ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკელებს არასამედიცინო ნიღბების ტარება ურჩია.

კომენტარები