აშშ-ის არჩევნები 2020

ბაიდენი სანდერსის მხარდამჭერებს: ვიცი, რომ თქვენი ხმები უნდა დავიმსახურო, თქვენ გვჭირდებით

0 კომენტარი
ბერნი სანდერსი და ჯო ბაიდენი

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიიდან ნომინაციისთვის ბრძოლაში დარჩენილმა უკანასკნელი კანდიდატი ჯო ბაიდენი ბერნი სანდერსის პრაიმერიდან გამოთიშვას გამოეხმაურა.

"ბერნის კარგად ვიცნობ. ის კარგი კაცია, შესანიშნავი ლიდერია და ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ხმა ცვლილებისათვის ჩვენს ქვეყანაში." წერს ის ტვიტერზე.

"ბერნის და ჯეინს, როგორც მეგობრებს, ჩემგან და ჯილისგან: თქვენ არა მხოლოდ პოლიტიკური კამპანია აწარმოეთ, თქვენ შექმენით მოძრაობა. და არავის შეეშალოს, ჩვენ გვჯერა, რომ ეს მოძრაობა ისეთივე მძლავრია დღეს, როგორც გუშინ იყო. ეს კარგი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მომავლისათვის.

ვიცით რა რთულია. ქვეყნის ინტერესი და დონალდ ტრამპის დამარცხების აუცილებლობა უნდა დავაყენოთ ყველაზე მაღლა. ამისათვის მადლობელი ვართ. მაგრამ, გვსურს იცოდეთ: დაგიკავშირდებით, მოგისმენთ. როგორც შენ ამბობ: მე არა, ჩვენ.

და ბერნი მომხრეებს: ვიცი, რომ თქვენი ხმები უნდა დავიმსახურო. ვიცი, რომ ამას შესაძლოა დრო დასჭირდეს. მაგამ მინდა იცოდეთ, რომ გხედავთ, მესმის თქვენი და მესმის თქვენი მოძრაობის გადაუდებელი მნიშვნელობა. იმედი მაქვს, რომ შემოგვიერთდებით. თქვენ ყოველთვის სიხარულით მიგიღებთ, თქვენ გვჭირდებით.

ერთად, ჩვენ დავამარცხებთ დონალდ ტრამპს. ჩვენ ასევე მივხედავთ კლიმატის კრიზისს. ჩვენ გავხდით კოლეჯს ხელმისაწვდომს. ჩვენ გავხდით ჯანდაცვას ხელმისაწვდომს ყველასათვის. ჩვენ არამხოლოდ ავაშენებთ ამ სახელმწიფოს ხელახლა, არამედ გარდავქმნით მას და გთხოვთ, რომ შემომიერთდეთ." წერს ბაიდენი.

ვერმონტის სენატორმა ბერნი სანდერსმა კამპანიის დასრულების შესახებ 8 აპრილს გამოაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კამპანია დასრულდა, სამართლიანობისათვის ბრძოლა გრძელდება." დაწერა მან.

სანდერსის გამოთიშვის შემდეგ დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის ბრძოლაში მხოლოდ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რჩება.

ბოლო მონაცემებით ბაიდენს 1,217 დელეგატი ჰყავდა, ბერნი სანდერსს - 914. დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის კანდიდატებს 1,991 დელეგატი სჭირდებოდათ.

კორონავირუსის გამო აშშ-ის რამდენიმე შტატში, სადაც პრაიმერი აპრილის თვეში იყო დაგეგმილი, ხმის მიცემა ივნისამდე გადაიდო, ზოგ შემთხვევაში კი საფოსტო სისტემაზე გადავიდნენ. მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა 7 აპრილს პრაიმერი ჩატარდა ვისკონსინის შტატში, თუმცა საბოლოო შედეგები ჯერ-ჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 17 მარტს სამ შტატში გამართულ პრაიმერში განცდილი მარცხის შემდეგ ბერნი სანდერსის კამპანიის მენეჯერმა თქვა, რომ ვერმონტის სენატორი საკუთარ კამპანიას შეაფასებდა და სხვადასხვა შესაძლებლობას საკუთარ მხარდამჭერებთან განიხილავდა.

17 მარტს სანდერსი ფლორიდის, ილინოისის და არიზონას შტატებში გამართულ პრაიმერში ჯო ბაიდენთან დამარცხდა.

ბაიდენმა სანდერსის ამომრჩევლებს მიმართა მხარი მას დაუჭირონ:

"ნება მომეცით მოგმართოთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც სენატორმა სანდერსმა შთააგონა, მე მესმის თქვენი, ვიცი რა არის სასწორზე, ვიცი რა უნდა გავაკეთოთ."

აღსანიშნავია, რომ 10 მარტის პრაიმერში 6 შტატიდან მხოლოდ ერთში გამარჯვების შემდეგ სანდერსმა პირობა დადო, რომ ნომინაციისათვის ბრძოლას გააგრძელებდა.

ჯო ბაიდენი აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში დემოკრატიული ნომინაციისათვის ბრძოლაში სუპერ სამშაბათს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ დაწინაურდა. 3 მარტს მან გაიმარჯვა ალაბამას, არკანზასის, მენის, მასაჩუსეტსის, მინესოტას, ჩრდილოეთ კაროლინას, ოკლაჰომას, ტენესის, ტეხასის და ვირჯინიის შტატებში. 16 მარტს გამართულ დებატებში ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ ნომინაციის მოპოვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტად ქალს დაასახელებდა.

სუპერ სამშაბათამდე ნომინაციისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ მინესოტას სენატორი ემი კლობუშარი და საუს ბენდის ყოფილი მერი პიტ ბუტიჯეჯი. მათ მხარი ჯო ბაიდენს დაუჭირეს. სუპერ სამშაბათს განცდილი მარცხის შემდეგ კამპანია შეწყვიტა მილიარდერმა, ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმა და მანაც მხარი ჯო ბაიდენს დაუჭირა. ნომინაციისთვის ბრძოლას გამოეთიშა მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენიც. ამ დრომდე მას არ გაუკეთებია განცხადება იმაზე, თუ ვის უჭერს მხარს. ჯო ბაიდენს მხარს უჭერენ სხვა ყოფილი კანდიდატებიც, მათ შორის კალიფორნიის სენატორი კამალა ჰარისი და ყოფილი ტეხასელი კონგრესმენი ბეტო ო'რურკი.

დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის მებრძოლი სხვა კანდიდატები სანდერსს ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში მკვეთრად მემარცხენე პოლიტიკის გამო აკრიტიკებდნენ. 2016 წელის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სანდერსი დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის ბრძოლაში ჰილარი კლინტონთან დამარცხდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები