კორონავირუსი რუსეთში

პუტინი: რუსეთმა პაჭანიკების და ყივჩაღების შემოსევებს გაუძლო, კორონავირუსსაც დავამარცხებთ

Sputnik/Alexey Druzhinin/Kremlin via REUTERS

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რეგიონულ ლიდერებთან და მთავრობასთან სატელევიზიო შეხვედრაში თქვა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში მომდევნო რამდენიმე კვირა გადამწყვეტი იქნებოდა. მან ვირუსი საუკუნეების წინ ცენტრალური აზიიდან წამოსული ტომების შემოსევას შეადარა:

"ყველაფერი წარმავალია და ესეც გადაივლის. ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ გაუძლო სერიოზულ გამოცდას: როდესაც პაჭანიკები და ყივჩაღები აოხრებდნენ, რუსეთმა ყველაფერს გაუძლო. ჩვენ ამ კორონავირუსს დავამარცხებთ. ერთად ყველაფერს დავამარცხებთ." 

პუტინმა თქვა, რომ მიუხედავად ვირუსისა, სურს, რომ ეკონომიკამ იფუნქციონიროს: "ჩვენ ვერ შევაჩერებთ ეკონომიკას, ვერ გავაჩერებთ რეგიონებს შორის ტვირთის და მგზავრების მიმოსვლას, ან მასიურად ვერ შევზღუდავთ ბიზნესების მუშაობას. თქვენ და მე უნდა გვესმოდეს, რა ტიპის ზიანი, რა დესტრუქციული შედეგები შეიძლება ამას მოჰყვეს."

ამჟამად რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების სულ 8,672 შემთხვევაა გამოვლენილი, დაიღუპა 63 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 580.

2 აპრილს, სასაქონლო ბირჟებზე ყველაზე მოთხოვნადი რუსული წარმოების URALS-ის მარკის ნავთობზე ფასებმა ახალი ისტორიული ანტირეკორდი დაამყარა. ევროპის სასაქონლო ბირჟებზე რუსული ნავთობის ფასი 10,5 დოლარამდე დაეცა.

ამის შემდეგ პუტინმა გამოთქვა მზაობა, რუსეთმა  ნავთობის მოპოვება შეამციროს. საუბარია, ჯამურად დღეში დაახლოებით 10 მილიონ ბარელზე.

რუსეთის მაკროეკონომიკური ანალიზისა და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, 2020-2021 წლებში რუსეთის ეკონომიკა შესაძლოა 4,2%-ით შემცირდეს. 

კომენტარები