ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: ინფექციურში მძიმე პნევმონიით 7 პაციენტი რჩება, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ცნობით, 33 პაციენტიდან, რომელიც კლინიკაში მკურნალობს, შვიდს მძიმე პნევმონია აქვს, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა, - "მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა, დაავადება პროგრესირებს, მაგრამ ძალიან აგრესიულად არა, იმედი გვაქვს მათი მდგომარეობაც დასტაბილურდება და გამოჯანმრთელდებიან".

ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოდან ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 37 პაციენტია გაწერილი.

რაც შეეხება 6 ახალ დადასტურებულ შემთხვევას, ეზუგბაიას განმარტებით, არც ერთი მათგანი არაა შიდა გავრცელების შემთხვევა, ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია, - "ეს არაა მეორეული, მესამეული ან მეოთხეული გადაცემა".

8 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 214 დადასტურებული შემთხვევაა აღწერილი, აქედან 50 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო ზონაში 4 722 პირი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 408.

კომენტარები