ნავთობის ბაზარი

დონალდ ტრამპი: ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ OPEC-ის გარიგებას აშშ არ შეურთდება

დონალდ ტრამპი
Getty Images

აშშ არ შეუერთდება სხვა ქვეყნებს, თუ ისინი ნავთობის მოპოვების შემცირებას გადაწყვეტენ. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ტრამპის თქმით, ბაზარზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამერიკულმა სანავთობო კომპანიებმა მოპოვება უკვე შეამცირეს. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ OPEC-ის მიმართ სიმპატიით განწყობილი არ არის, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ საუდის არაბეთი და რუსეთი შეთანხმებას შეძლებენ.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, აშშ-ს აქვს სხვა ინსტრუმენტები, რომლითაც შეუძლია გავლენა მოახდინოს შექმნილ ვითარებაზე. "შესაძლოა ეს ვარიანტი უფრო მეტად მომეწონოს, ვიდრე გარიგება", - თქვა მან.

OPEC-ისა და რუსეთის შეხვედრა ვიდეოკონფერენეციის ფორმატში დღეს, 9 აპრილს, უნდა გაიმართოს. 8 აპრილს Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. 

მოლაპარაკებათა ახალი რაუნდი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ დაანონსდა. სატელეფონო საუბრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა მზაობა გამოთქვა, შეამცირონ ნავთობის მოპოვება, თუმცა, მისივე თქმით, პროცესი ისე უნდა წარიმართოს, როგორც პარტნიორებს შეეფერებათ. 

ახალი შეთანხმების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც პირველ აპრილს 2016 წლის შეთანხმებას ვადა გაუვიდა. რუსეთისა და საუდის არაბეთის ალიანსი 6 მარტს ჩაიშალა - რუსეთმა უარი თქვა საუდის არაბეთის წინადადებაზე, ფასების მხარდასაჭერად კიდევ შეემცირებინათ მოპოვება. 

შეთანხმების ჩაშლის შემდეგ, ნავთობის ფასმა ბოლო ათწლეულების რამდენიმე ანტირეკორდი განაახლა.

კომენტარები