კორონავირუსი საქართველოში

ე.წ ქობულეთის კლასტერის 108 კონტაქტ-პირი თვითიზოლაციაში ან საკარანტინო სივრცეშია

იმედი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის თქმით, ამ დროისთვის გამოვლენილია ე.წ ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 108 ადამიანი და ყველა მათგანი თვითიზოლაციაში, ან საკარანტინო სივრცეში დაკვირვების ქვეშ იმყოფება. 

ნიჟარაძისვე ინფორმაციით, მათგან 40-ის ლაბორატორიული ნიმუშები უკვე აღებულია, მათ შორის არიან სამედიცინო პერსონალისა და ოჯახის წევრები.

ე.წ ქობულეთის კლასტერი უკავშირდება 55 წლამდე ბათუმელ ქალს, რომელიც ქობულეთში, სოფელ გვარაში, სტუმრად ოჯახთან იმყოფებოდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა მან 4 აპრილს, მუცლის მწვავე ტკივილის გამო, გამოიძახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალი სასწრაფომ ბათუმში, სამედიცინო ცენტრ BMC-ში გადაიყვანა. 

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ პაციენტი ეროვნული პროტოკოლით გათვალისწინებულ შემთხვევებს არ შეესაბამებოდა და მისთვის ახალ კორონავირუსზე ტესტი არ ჩაუტარებიათ. 5 აპრილს ქალი სახლში გაწერეს, თუმცა სასწრაფო ბრიგადის ხელმეორედ გამოძახება მას იმავე საღამოს დასჭირდა. პაციენტი ამჯერად კლინიკა მედინაში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსით ინფიცირება ივარაუდეს. ქალს ნიმუში აუღეს, მას ვირუსი დაუდასტურდა. 

დადასტურების შემდეგ ნიმუშები აუღეს პაციენტის ოჯახის წევრებსაც ქობულეთში, 5 ადამიანს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. მათ შორისაა ქალის მამაც, რომელიც, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მანამდე 3-ჯერ იმყოფებოდა ქობულეთის კლინიკაში პნევმონიის დიაგნოზით. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. 

მათივე ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ცენტრის ორ ბრიგადას, ჯამში 6 ადამიანს, რომელსაც შეხება ჰქონდათ 55 წლის ქალთან, ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 

ჯანდაცვის სამინისტროში გვეუბნებიან, რომ უცნობია, ვინ არის ე.წ ქობულეთის კლასტერის პირველწყარო. ასევე, უცნობია, ქალმა გადასდო ქობულეთში მცხოვრებ მამას, თუ პირიქით.

კითხვაზე, რატომ არ ჩაუტარდა 55 წლის ქალს ახალ კორონავირუსზე ტესტი თავიდანვე, ნინო ნიჟარაძე პასუხობს, რომ მისი ჩივილები ამ დაავადებების მქონე მხოლოდ 5%-ს ახასიათებს. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, შემთხვევის დეფინიცია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით იცვლებოდა და მასთან ერთად იცვლებოდა მიდგომაც. 

"უკვე მომდევნო დღეებშიც და თვის ბოლოსაც გვქონდა შესაძლო შემთხვევის განმარტება, რომელიც იყო ძირითადი რესპირაციული ჩივილი და ეპიდანამნეზი, მაგრამ ეს არ ითვალისწინებდა მხოლოდ აღნიშნული პირის მოგზაურობას, ეს იყო კონტაქტი ეპიდანამნეზის მქონე პაციენტთან.

შესაბამისად, ამ ეტაპზე ეს ადამიანი, შესაძლოა არ ყოფილიყო იდენტიფიცირებული შესაძლო პაციენტად და როგორც პნევმონია, ისე მოხდა მისი მართვა... ეს კლასტერიც რეტროსპექტრული დაკვირვების შედეგად გავარკვიეთ. დღეს ჩვენი მოცემულობა გახლავთ უფრო მგრძნობიარე. პრაქტიკულად ეპიდანამნეზი არის წამყვანი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა შემთხვევა, რომელსაც აქვს გამოხატული დამახასიათებელი რესპირაციული ჩივილები, უკვე განიხილება მგრძნობიარე შემთხვევად,"- ამბობს ნინო ნიჟარაძე. 

ნინო ნიჟარაძის შეფასებით, პაციენტის ძირითადი კონტაქტები უკვე გამოკვლეულია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ კიდევ რამდენიმე ერთეული კონტაქტი დაემატოს. 

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი 214 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 50 გამოჯანმრთელდა, 3 ადამიანი კი - გარდაიცვალა. 

კომენტარები