კორონავირუსი საქართველოში

ჭიათურელი მოქალაქე: კომენდანტის სთ-ის დარღვევისთვის პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა

რადიო თავისუფლება

ჭიათურის მაცხოვრებელი ყვება, რომ ე.წ კომენდანტის საათის დარღვევის გამო, პოლიციამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სამმართველოში გადაიყვანა. მომხდარზე ინტენსიური გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. 

როგორც გიორგი კაპანაძე მთავარი არხისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ყვება, 8 აპრილს, საღამოს 9 საათი ხდებოდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ სიგარეტი დაუმთავრდა და მეზობელთან გადავიდა, რათა მისთვის აივნიდან სიგარეტი ჩამოეგდოთ. 

"იყო 10-ის 3 წუთი. წამობრძანდიო. მე ვუთხარი, პოლიციაში რატომ წამოვიდე, დამიწერეთ ჯარიმა, თუ მიწერთმეთქი და, აი, ამაზე ატყდა კონწიალი, ხელების ატრიალება,"- ყვება კაპანაძე. 

მისი თქმით, მასსა და პოლიციელებს შორის შელაპარაკება იყო, თუმცა თავად აგრესია არ გამოუვლენია და მხოლოდ იმას ითხოვდა, რომ3 000-ლარიანი ჯარიმა მისთვის ადგილზე, სამმართველოში გადაყვანის გარეშე დაეწერათ. 

"არაო, მომკიდეს აქეთ-იქით ქამარში ხელი და პორწიალით მივყავდი. მივყვებოდი უკვე და მერე ჩამოვიდა ბავშვი და მერე ბავშვებს გაეკიდნენ. ისინიც ეგრე წამოიყვანეს ფონცხიალით,"- ამბობს კაპანაძე.

მისი თქმით, ამის აღარ იცის, რა მოხდა შემდეგ ეზოში და ვის სცემეს.

"ამის [ჯარიმის] დაწერას მოუნდნენ 10-15 წუთი, მაგრამ შეურაცხყოფაც იყო, გინებაც პოლიციის მხრიდან,"- ამბობს კაპანაძე. 

კაპანაძის მეზობელი ასევე მთავარ არხთან ინტერვიუში ყვება, რომ ხმაურზე ეზოში მეზობლებიც ჩავიდნენ, პოლიციელებმა მათაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ერთი ქალი "დაალურჯეს" და ისინიც გადაიყვანეს სამმართველოში ჯარიმების დასაწერად. მეზობლის თქმით, კაპანაძის გარდა, საუბარია 6 ადამიანზე. 

"მეუღლე, მეუღლის ოჯახი ყველა, მაზლი. ხმაური გაიგონეს, ჩამოვიდნენ. დალურჯებული ჰყავდათ გოგო, ღამის პერანგით ჩამოვიდა ქმრის გამო,"- ყვება მეზობელი. 

მთავარი არხის ინფორმაციით, ქალი, რომელსაც პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, კაცხის ეკლესიის წინამძღვრის ამირან მოდებაძის რძალია. მამა ამირანი მთავარ არხთან ადასტურებს, რომ მისი ოჯახის წევრები ინციდენტში მონაწილეობდნენ, თუმცა ამბობს, რომ ისინი არასწორად მოიქცნენ, ხოლო 15 000 ლარის ოდენობის ჯარიმას მას ჭიათურა გადაუხდის. 

"როცა გავიგე, უკვე ყურში ავუწიე ჩემებს იმიტომ, რომ ღამით სიარული არ შეიძლება აქ. 9 საათიდან უკვე არ შეიძლება გარეთ გამოსვლა. უნდა დავემორჩილოთ კანონს. 32 წელია მოძღვარი ვარ ამ ქალაქში და ასეთი არაფერი ყოფილა. როგორ შეიძლება, ახლა გამოვიდეს ჩემი რძალი და რამე ილაპარაკოს. თუ ილაპარაკა, მაგისთვის მე დავსჯი ცალკე. არაფერი სიმართლე არ არის. ჩემი ქალაქი გადაიხდის [15 000 ლარს],"- ეუბნება მამა ამირანი მთავარ არხს. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება ძალადობით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო. 

"გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედები,"- აცხადებენ სამსახურში. 

ახალი კორონავირუსის პრევენციის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში მთავრობამ საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ კომენდანტის საათი დააწესა, რომლის ფარგლებშიც გადაადგილება აკრძალულია. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრებაც. 

კომენტარები