კორონავირუსი და ეკლესია

შს მინისტრი ეკლესიაზე: თუ მრევლი შევა და დილის 6-მდე აღარ გამოვა, ეს დარღვევა იქნება? 

საქართველოს მთავრობა

"თუ ასე იქნება, რომ შევა [მრევლი ეკლესიაში] და დილის 6 საათამდე აღარ გამოვა, ეს, თქვენი აზრით, კანონის დარღვევა იქნება?" - ამ კითხვით პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჟურნალისტების შეკითხვას, დაარღვევს თუ არა მრევლი სააღდგომო ლიტურგიის დროს კომენდანტის საათს, თუკი საღამოს 21:00-მდე მივლენ ეკლესიებში და დილის 06:00-მდე აღარ გამოვლენ. 

გომელაურის თქმით, მთავრობა საპატრიარქოსთან ჯერ ბოლომდე არ შეჯერებულა, თუ როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია ე.წ კომენდანტის საათის პირობებში, თუმცა მინისტრი დარწმუნებულია, რომ შეჯერდებიან ისე, რომ კანონი არ დაირღვევა. 

"შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს, არც ჩვენ და არც ეკლესია. მინდა, ხაზი გავუსვა - ნამდვილად, საპატრიარქო ძალიან კარგად გვეთანამშრომლება. ამ პრობლემის წინაშე გვერდით გვიდგანან მეუფეებიც, უწმინდესიც და მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა საპატრიარქოს ასე გვერდში დგომისთვის და თანადგომისთვის,"- ამბობს ვახტანგ გომელაური. 

კითხვაზე, კანონის დარღვევის შემთხვევაში, დააჯარიმებენ თუ არა მრევლსა თუ სასულიერო პირებს, შს მინისტრი პასუხობს, რომ "კანონს ესენი არ არღვევენ" და ეკლესიაში წესებს ყველაზე კარგად იცავენ. 

"თუნდაც იმ დისტანციას, რასაც ახლა ვარღვევთ. კომენდანტის საათზე თუ ასე იქნება, რომ შევლენ და დილის 6 საათამდე აღარ გამოვლენ, ეს დარღვევა იქნება თქვენი აზრით კანონის? თუ ჩვენ შევთანხმდებით საპატრიარქოსთან, რომ იქნება მასე, იქნება მასე,"- ამბობს ვახტანგ გომელაური. 

საგანგებო სიტუაცია და ფაქტობრივი საყოველთაო საკარანტინო რეჟიმი მართლმადიდებელ ეკლესიაზე არ მოქმედებს, სადაც ყოველკვირეულად ეკლესიებში კვლავ აღევლინება წირვა, რომლის დასრულების შემდეგაც მრევლი ერთი კოვზით ეზიარება. 

თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ე.წ კომენდანტის საათის პირობებში როგორ ჩატარდება ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგია და წირვა ღამისთევით. დეკანოზმა შალვა კეკელიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ მრევლი ეკლესიებში საღამოს 21:00 საათმდე შეიკრიბოს და დილის 06:00-მდე იქ დარჩეს. მოგვიანებით, საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ ინიციატივა საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. 

მღვდელმთავრებისა და მთავრობის წევრების თქმით, მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

კომენტარები