პანდემიის გამო ფეხბურთელების ღირებულება ჯამურად €9 მილიარდით შემცირდა

გერმანულმა პორტალმა Transfermarkt, რომელიც ექსპერტებისა და ბაზრის სხვა მონაწილეების აზრის გათვალისწინებით, ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებას ადგენს, კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედი ფეხბურთელების ღირებულება შეცვალა.

კორექტირების შედეგად, ფეხბურთელების ღირებულება 20%-ით შემცირდა, გამონაკლისია 1998 წელს და შემდეგ დაბადებული ფეხბურთელები, რომელთა სატრანსფერო ღირებულება საშუალოდ 10%-ით დაეცა. 

ამგვარად, მოქმედი ფეხბურთელების ჯამური ღირებულება 9,2 მილიარდი ევროთი შემცირდა. "რთული წარმოსადგენია, რომ უახლოს მომავალში სატრანსფერო ბაზარზე ფასები გაიზრდება, როგორც ეს ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა. სავარაუდოდ, ცალკეული მსხვილი გარიგებები მაინც იქნება, თუმცა ჩვენი ხედვით, შექმნილ მდგომარეობაში ოპერატიული რეაგირება იყო საჭირო", - განაცხადა პორტალის დამფუძნებელმა მათიას ზაიდელმა.

მსოფლიოს ყველაზე ძვირდღირებულ ფეხბურთელად კვლავ პარი სენ-ჟერმენის ფორვარდი კილიან მბაპე დარჩა, თავდამსხმელის ღირებულება 180 მილიონ ევროა. მეორე და მესამე ადგილს რახიმ სტერლინგი და ნეიმარი იკავებენ, ორივე ფეხბურთელი 128 მილიონ ევროდ არის შეფასებული. 

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიაში მეცხრე ადგილზეა ოქროს ბურთის ექვსგზის მფლობელი ლეონელ მესი, მისი ღირებულება ამ დროისთვის 112 მილიონი ევროა. 46-ე ადგილს იკავებს ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელი კრიშტიანო რონალდო, მის სატრანსფერო ღირებულებას პორტალი 60 მილიონ ევროდ აფასებს. 

 

კომენტარები