ავღანეთი

ავღანეთში აშშ-ის ბაგრამის საჰაერო ბაზაზე 5 რაკეტა ჩამოაგდეს, მსხვერპლი არ არის

ბაგრამის ბაზა
DW

9 აპრილს ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე 5 რაკეტა ჩამოაგდეს. ავღანეთში ნატოს ჯარებმა განაცხადეს, რომ მსხვერპლი არ არის. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ავღანეთში ისლამური სახელმწიფოს განშტოებამ აიღო.

თავდასხმა აშშ-სა და თალიბანს შორის შეთანხმების შემდეგ მოხდა, რომელშიც ისლამური სახელმწიფო ჩართული არ არის.

"ამ დილით ბაგრამის აეროდრომს 5 რაკეტა ესროლეს. დაღუპულები და დაშავებულები არ არიან. ჩვენი ANDSF-ის (ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების) პარტნიორები ინციდენტს იძიებენ," - წერს მისია ნატოს ხელმძღვანელობით. 

თალიბანმა განაცხადა, რომ თავდასხმა მათ არ განუხორციელებიათ.

ისლამური სახელმწიფოს განშტოებამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათ მიზანში ამოიღეს ბაგრამის ვერტმფრენის დასაშვები მოედანი.

ისლამური სახელმწიფოს განშტოება ისლამური სახელმწიფო ხორასანი (ISIS-K) ავღანეთში პირველად 2014 წელს გამოჩნდა. აშშ-ის სამხედროების შეფასებით, მასში 2000 პირია გაწევრიანებული. ავღანელი ოფიციალური პირების თქმით, მათი რიცხვი უფრო დიდია. ისინი ებრძვიან საგარეო და ავღანეთის მთავრობის ძალებს, ასევე თალიბანს. გასულ წლებში ავღანეთის ურბანულ ცენტრებში მათ გამორჩეულად სისხლიანი თავდასხმები მოაწყვეს.

29 თებერვალს აშშ-მა და თალიბანმა სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც მომდევნო 14 თვეში ქვეყნის ტერიტორიიდან აშშ-ის და NATO-ს ჯარები გავა იმ შემთხვევაში, თუ დაგჯუფება ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს. 7 აპრილს თალიბანი ავღანეთის მთავრობასთან პატიმრების გაცვლის მოლაპარაკებიდან გავიდა.

ავღანეთის მთავრობის სპიკერის თქმით, მთავრობა პატიმრების გათავისუფლების გეგმაზე მუშაობას აგრძელებს. ავღანეთის მთავრობამ თალიბანის პატიმრების გათავისუფლება ბაგრამის ბაზის მახლობლად არსებული ციხიდან უკვე დაიწყო. 9 აპრილს თალიბანის ასი წევრის გათავისუფლებას აპირებენ. 

ავღანეთის მთავრობის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თალიბანი რამდნიმე მაღალი რანგის მეთაურის გათავისუფლებას ითხოვს, რომლებიც გასულ წლებში ძალადობრივ თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი.

შეთანხმების ფარგლებში 10 მარტს აშშ-მა ავღანეთიდან სამხედრო ძალების გაყვანა დაიწყო. შეთანხმების მიხედვით, აშშ-ს ხელმოწერიდან 135 დღეში ჯარისკაცების რაოდენობა 12,000-დან 8,600-მდე უნდა შეემცირებინა.

მიუხედავად შეთანხმებისა, თალიბანი თავდასხმებს აგრძელებს. შეთანხმებიდა რამდენიმე დღეში აშშ-მა უკვე მიიტანა საპასუხო დარტყმები.

კომენტარები