ჩინეთი

ჩინელ მილიარდერზე, რომელმაც სი ძინპინი ეპიდემიის გამო გააკრიტიკა, გამოძიება დაიწყეს

ჟენ ჭციანგი

ჩინელი მილიარდერი, ჟენ ჭიციანგი, რომელმაც ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მიერ კორონავირუსის ეპიდემიის მართვა, ასევე ქვეყნის პოლიტიკური სისტემა გააკრიტიკა, გამოძიების ქვეშაა. ხელისუფლებამ ამის შესახებ მოკლე განცხადება გაავრცელა.

გამოძიება "დისციპლინისა და კანონის სერიოზული დარღვევებისთვის" მიმდინარეობს. დამატებითი დეტალები უცნობია. 

ჟენი ჩინეთში მარტის შუა რიცხვებში გაუჩინარდა, მას შემდეგ, რაც თავის ესეში პრეზიდენტს ჯამბაზი უწოდა, კომუნისტური პარტია კი თავისუფალი სიტყვის ჩახშობისა და დისიდენტების მიმართ არატოლერანტულობისთვის გააკრიტიკა. ის თავადაც კომუნისტური პარტიის წევრია, წარსულში კი უძრავი ქონების სახელმწიფო ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

"როდესაც არ არის მედია, რომელსაც შეუძლია ხალხის ინტერესები წარმოჩინოს და სიმართლე გააშუქოს, ჩვენ გვრჩება ხალხი, რომლის ცხოვრება ნადგურდება ვირუსისგან და მძიმედ დაავადებული პოლიტიკური სისტემისგან," - წერდა ჟენი თავის ვრცელ ესეში.

ჟენის მეგობრები შიშობდნენ, რომ ის ხელისუფლებას ყავდა დატყვევებული. გამოძიების შესახებ განცხადება ამის პირველი დასტური გამოდგა.

ეს ჟენის მიმართ გამოძიების დაწყების პირველი შემთხვევა არაა. 2016 წელს მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სი ძინპინის ბრძანება, რომ მედია პარტიისადმი სრულიად ლოიალური უნდა იყოს. მას პრობაცია შეუფარდეს და Twitter-ის მსგავს ჩინურ სოციალურ ქსელში Weibo საკმაოდ პოპულარული ანგარში დაუბლოკეს.

ახალი კორონავირუსი ცენტრალური ჩინეთის ხუბეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვირუსი დაავადებული ცხოველიდან ადამიანზე გადავიდა, თუმცა ახალი ვირუსის ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობთ კვლავ უცნობია. ქალაქის პირველ ინფიცირებულებს აკავშირებდათ ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც არალეგალურ სექციაში ველური ცხოველები იყიდებოდა.

აშშ ჩინეთს ვირუსზე ინფორმაციის დამალვაში და სტატისტიკის გაყალბებაში სდებს ბრალს. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ისიც განაცხადა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია მსოფლიოს კვლავ უმალავდა ინფორმაციას, რაც ვირუსით დაინფიცირების შემგომი შემთხვევების თავიდან არიდებაში სჭირდებოდათ.

2019 წლის მედია თავისუფლების ინდექსის მიხედვით ჩინეთი 180 ქვეყნიდან 177-ე ადგილს იკავებს, მას მხოლოდ მხოლოდ ერიტრეა, ჩრდილოეთ კორეა და თურქმენეთი მოყვებიან. გასული წლის სექტემბერში ჩინეთში გამოაცხადეს, რომ პრეს-ბარათის ასაღებად პრეზიდენტისადმი ერთგულების ტესტის ჩაბარება იქნება საჭირო. თებერვალში აშშ-მა ხუთი მსხვილი ჩინური მედია კომუნისტური სახელმწიფოს აგენტებად გამოაცხადა.

ჩინეთში თებერვალში გაუჩინარდა ადგილობრივი სამოქალაქო ჟურნალისტი და ადვოკატი, ჩენ ციუში, რომელიც ვუხანში კორონავირუსის შესახებ მიმდინარე ამბებს აშუქებდა და მთავრობას აკრიტიკებდა.

კომენტარები