კორონავირუსი საქართველოში

გახარია რისკ ჯგუფებში სასულიერო პირების შეყვანაზე: უკავშირდება ყველაფერს

საქართველოს მთავრობა

"ყველაფერს უკავშირდება" - ასე პასუხობს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია შეკითხვას, უკავშირდება თუ არა ახალი კორონავირუსის ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ახალ პროტოკოლში სასულიერო პირების შეყვანა მოახლოებულ საეკლესიო დღესასწაულებს, მათ შორის ბზობასა და აღდგომას. 

"საერთოდ, ამ პროტოკოლის შეცვლა, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია რისკების შეფასებასთან და, რა თქმა უნდა, ქვეყანაში ეპიდემიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლასთან. ჩვენ ახლა უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე ვართ და პიკს ზუსტად ვერ აფასებენ, თუმცა სადღაც მაისის დასაწყისისკენ ველოდებით,"- თქვა გახარიამ. 

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ახალი ალგორითმის მიხედვით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, უკვე დაამატკიცა, მაღალი რისკის მქონე სხვა პროფესიებთან ერთად ტესტირება საეკლესიო პირებსაც ჩაუტარდებათ. 

მინისტრის ბრძანების მიხედვით, იმ საეკლესიო პირებს, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები არ ექნებათ, ჩაუტარდებათ სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით. 

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, ეკლესიაში წირვა-ლოცვა კვლავ გრძელდება და ყოველ კვირას წირვის დასრულების შემდეგ მრევლი ერთი კოვზით ეზიარება. 

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება უმცირესობაში სერბეთთან და პოლონეთთან ერთად.

კომენტარები