კორონავირუსი და ეკონომიკა

აშშ-ში გასულ კვირას უმუშევრობის შემწეობა 6.6 მლნ ადამიანმა მოითხოვა

აშშ-ის შრომის დეპარტამენტის ცნობით, გასულ კვირას 6.6 მილიონმა ადამიანმა უმუშევრობის შემწობა მოითხოვა.

ბოლო ოთხ კვირაში, კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაწყების შემდეგ, ეს რიცხვი უკვე 17 მილიონამდეა ასული. ბოლოსწინა კვირაში უმუშევრობის შემწეობა რეკორდული რაოდენობის, 6.9 მილიონმა ამერიკელმა მოითხოვა.

შედარებისთვის, მანამდე არსებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1982 წელს დაფიქსირდა, მაშინ ერთ კვირაში უმუშევრობის კომპენსაცია 695 ათასმა მოქალაქემ მოითხოვა.

ექსპერტების შეფასებით, აშშ-ში უმუშევრობამ უკვე მიაღწია 12-13%-ს.

ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, აშშ-ში მკაცრი ზომების გატარება მარტის პირველივე კვირიდან დაიწყო. შეწყდა ავიამიმოსვლა ევროკავშირდან, მსხვილ ქალაქებში და მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესდა შეზღუდვები სხვადასხვა ეკონომიკურ აქტივობაზე. 

თეთრმა სახლმა უკვე მიიღო ეკონომიკის სტიმულირების 2 ტრილიონიანი პაკეტი, რომელიც სხვა ნაბიჯებთან ერთად ამერიკელებისთვის 1,200 დოლარის ოდენობით პირდაპირი ფინანსური დახმარების გაცემას გულისხმობს.

კომენტარები