ელენ დეჯენერესი კარანტინისა და პატიმრობის შედარებისთვის გააკრიტიკეს

Ellen DeGeneres

რამდენიმე დღის წინ, ელენ დეჯენერესმა თავისი შოუს ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოქვეყნა, სადაც ის კარანტინში ყოფნას ციხეში ყოფნას ადარებს.

მსგავსად სხვა წამყვანებისა, ელენ დეჯენერესმაც შოუების ჩაწერა სახლიდან დაიწყო.

"დღეს, გადაცემას ვწერ ჩემს მისაღებ ოთახში, რადგან აქ ყველაზე კარგი განათება და სტერეო სისტემაა, ყველა სხვა ოთახი ტუალეტის ქაღალდებით არის სავსე.

კარანტინში ყოფნის დროს ერთ რამეს მივხვდი - ეს ციხეში ყოფნას გავს, ეს არის, რაც არის. ალბათ იმიტომ, რომ უკვე 10 დღეა იგივე ტანსაცმელი მაცვია და ყველა, ვინც აქ არის გეია", - თქვა მან მონოლოგისას.

ვიდეოს დადებისთანავე სოციალური ქსელებისა და იუთუბის მომხმარებლებიდან კრიტიკა მოყვა. მომხმარებლები წერდნენ, რომ სახლი, საიდანაც ელენ დეჯენერესი გადაცემას წერს 27 მილიონ დოლარად არის შეფასებული და სასაცილოა მისი ციხესთან შედარება.

კრიტიკის შემდეგ, ვიდეო, სადაც ელენ დეჯენერესი კარანტინში ყოფნას ციხეში ყოფნას ადარებს, იუთუბის ოფიციალური არხიდან წაშალეს. თავად ტელეწამყვანს, ამ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. 

კომენტარები