კორონავირუსი საქართველოში

კობახიძე: პატრიარქი ბრძენია, კონსულტაციებით სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის, ცნობით, მმართველ გუნდს საპატრიარქოსთან ყოველდღიური კონსულტაციები აქვს და ამის საფუძველზე, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, "ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რადგან პატრიარქი ბრძენია".

"არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენი ოპონენტები კიდევ ერთხელ იყენებენ ამ ვითარებას იმისთვის, რომ თავიანთი მტრული დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ გამოავლინონ. ეკლესია არის ჩვენი იდენტობის ერთერთი მთავარი საყრდენი. მიზანმიმართულად ებრძვიან ეკლესიას.

ჩვენ კონსულტაციების რეჟიმში ვართ, იმისთვის, რომ ყველაზე სწორი და რაციონალური გადაწყვეტილება მოვძებნოთ. ამის საფუძველია კონსულტაციები, რომლებსაც ეკლესიის წარმომადგენლებთან ვაწარმოებთ - ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები", - ამბობს ირაკლი კობახიძე იმედის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, ეკლესიაში წირვა-ლოცვა კვლავ გრძელდება და ყოველ კვირას წირვის დასრულების შემდეგ მრევლი ერთი კოვზით ეზიარება. 

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება უმცირესობაში სერბეთთან და პოლონეთთან ერთად.

ასევე, ჯერჯერობით უცნობია, ე.წ კომენდანტის საათის პირობებში როგორ ჩატარდება ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგია და წირვა ღამისთევით.

დეკანოზმა შალვა კეკელიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ მრევლი ეკლესიებში საღამოს 21:00 საათმდე შეიკრიბოს და დილის 06:00-მდე იქ დარჩეს. მოგვიანებით, საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ ინიციატივა საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. 

მღვდელმთავრებისა და მთავრობის წევრების თქმით, მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კომენტარები