ნიუ-იორკის შტატში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოს ყველა ქვეყნის მაჩვენებელს აღემატება, აშშ-ის გარდა.
განახლებული მონაცემებით, ხუთშაბათს, 9 აპრილს, შტატში ვირუსით ინფიცირების 10 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, დადასტურებულია COVID-19-ის 159 937 შემთხვევა. ესპანეთში COVID-19-ით ინფიცირების 153 222 შემთხვევაა, იტალიაში კი - 143 626.
ნიუ-იორკის შტატში ერთ დღეში კორონავირუსით გარდაცვალების 799 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში, შტატში 7 000 შემთხვევაა დადასტურებული, ნაკლები, ვიდრე ესპანეთსა (15 447) და იტალიაში (18 279). თუმცა, ეს მაჩვენებელი ჩინეთში COVID-19-ით დაღუპულთა ოფიციალურ რაოდენობას, 3 336-ს თითქმის ორჯერ აღემატება.
ნიუ-იორკიდან ფოტოები გავრცელდა, რომლებზეც ასახულია, თუ როგორ მარხავენ მასობრივ სასაფლაოზე კორონავირუსით გარდაცვლილებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში COVID-19-ით ინფიცირების 468 895 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანაში 16 697 ადამიანი გარდაიცვალა, 25 928 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. აშშ-ში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.