საგანგებო მდგომარეობა

შსს: ბოლო 24 საათში ე.წ კომენდანტის საათის დარღვევის 143 შემთხვევა გამოვლინდა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკურ პირებს 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირებს 15 000 ლარით აჯარიმებენ.

პოლიციამ, 9 აპრილის 21 საათიდან 10 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ.კომენდანტის საათის დარღვევისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 75 მოქალაქე დააჯარიმა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, 42 მოქალაქე დააჯარიმეს. ასევე, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის კიდევ 21 პირი დააჯარიმეს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და არსებული ინფორმაციით, ძალაშია 21 აპრილის ჩართვლით.

8 აპრილის ჩათვლით, შსს-ს 8.6 მილიონი ლარის ჯარიმა ჰქონდა გამოწერილი.

კომენტარები