ეკონომიკა

ევროკავშირმა 500 მილიარდი ევროს მოცულობის ანტი-კრიზისული გეგმა დაამტკიცა

ევროკავშირის ქვეყნებმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემცირების 500-მილიარდ ევროიანი ანტი-კრიზისული გეგმა დაამტკიცეს. ამის შესახებ ევროჯგუფის პრეზიდენტმა მარიო სენტენუმ განაცხადა. 

"დისკუსია 16 საათი გაგრძელდა, მაგრამ ჩვენს ეს შევძელით", - განაცხადა სენტენუმ. მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობდა და მონაწილეობდნენ ქვეყნები, რომლებიც არ შედიან ევროპის სავალუტო კავშირში. 

დამტკიცებული 500 მილიარდი ევროდან 240 მილიარდი იმ ქვეყნების საკრედიტო უზრუნველყოფაზე დაიხარჯება, რომლებიც პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ეს თანხები ევროპის სტაბილიზაციის ფონდიდან გამოიყოფა და ძირითადად ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული. 

ამის გარდა, ქვეყნები 100 მილიარდი ევროს შეღავათიან კრედიტებს მიიღებენ, რომელიც უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების ფინანსურად უზრუნველყოფისთვის დაიხარჯება. კიდევ 200 მილიარდი ევრო ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას მოხმარდება. 

მანამდე, ევროპარლამენტმა დაზარალებული ქვეყნებისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან 37 მილიარდი ევრო გამოყო. ეკონომიკის მხარდასაჭერად ბიუჯეტური ზომების გარდა, მიღებულია ფულად-საკრედიტო ზომებიც. 

გასულ კვირებში ევროპის ცენტრალურმა ბანკმა 750 მილიარდი ევროს მოცულობის პროგრამა აამოქმედეს. ამ თანხის ფარგლებში ბანკი შეიძენს როგორც სახელმწიფო, ასევე, კორპორატიულ ობლიგაციებს. 

ბანკ Barclays ანალიტიკოსების პროგნოზით, 2020 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ეკონომიკა შესაძლოა 0,9%-ით შემცირდეს. მთლიანად 2020 წლის განმავლობაში ევროკავშირის მშპ-ს 6% -ით შემცირებას პროგნოზირებდა, ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი, Centre for Economics and Business Research. 

გასულ ხუთშაბათს საკუთარი პროგნოზი გამოაქვეყნა სარეიტინგო სააგენტომ Moody's-მა. სააგენტოს პროგნოზით, წელს ევროკავშირის ეკონომიკა 2,2%-ით შემცირდება. ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ საპასუხოდ მიღებული ფულად-საკრედიტო და ბიუჯეტური ზომებით შესაძლებელი იქნება, მოკლევადიანი შოკი არ გადაიზარდოს გრძელვადიან სტრესში. 
 

კომენტარები