ახალი კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: თუ საჭირო გახდება, დამატებით საველე ჰოსპიტლებს გავშლით

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტალი გაშლილია ყველგან, სადაც საჭიროა, დამატებითი საჭიროების შემთხევაში კი მათი რაოდენობაც გაიზრდება.

"ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ საქართველოში ჰოსპიტალური განვითარების ქსელი და ვმოქმედებთ წლების მანძილზე ჩამოყალიბებული მოცემულობიდან და საწოლ-ფონდის რესურსიდან გამომდინარე.

გამოყოფილი გვაქვს ის სუსტი წერტილები, რომელიც საქართველოში რამდენიმე გვაქვს. ეს რეგიონები გაძლიერდება როგორც ადგილზე ცხელების ცენტრებად საველე ჰოსპიტალების გაშლით, ასევე  პაციენტებს გადავიყვანთ მეზობლად მდებარე რეგიონებში, სადაც გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა -  როგორც საწოლფონდის მოცულობით, ასევე სასუნთქი აპარატებისა და სპეციალისტების მობილიზების მხრივ," - თქვა ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტალი მარნეულსა და თელავშია გახსნილი.

ხელისუფლება ახალი კორონავირუსის გავრცელების ზრდას ელოდება, პიკს კი საეკლესიო დღესასწაულების დასრულებიდან 2 კვირაში ვარაუდობს - დაახლოებით მაისის დასაწყისში.

საქართველოში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. დაწესებულია კომენდანტის საათი, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება. მიუხედავად ამისა, საპატრიარქო ღვთისმსახურებაზე მორწმუნეების დასწრებას არ ზღუდავს და აცხადებს, რომ მრევლი ტაძრებში საჭირო დისტანციას დაიცავს. თუმცა, მორწმუნეები აგრძელებენ ხატებზე მთხვევას და ერთი კოვზით ზიარებას. ისინი არღვევენ დისტანციასაც.

შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ საეკლესიო დღესასწაულებიდან 2-3 კვირაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მოიმატებს. საქართველოს ხელისუფლებაც პიკს სწორედ ამ პერიოდში ელოდება. თუმცა, არ გეგმავს, საპატრიარქოს მკაცრად მოსთხოვოს საგანგებო მდგომარეობის პირობების შესრულება.

ახალი კორონავირუსი ინფექციაა, რომლითაც ამ დრომდე მსოფლიოში ოფიციალური სტატისტიკით 1 300 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 60 000-ზე მეტი კი გარდაიცვალა. სხვადასხვა ქვეყანამ ჩაკეტა საზღვრები, შეჩერებულია ფრენები, დაკეტილია მაღაზიები, მუზეუმები და სხვა დაწესებულებები. საქართველოში მუშაობას მხოლოდ სურსათის მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, ბენზინგასამართი სადგურები აგრძელებენ, მოქალაქეების პირველადი საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

10 აპრილის 13:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 230 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 54 გამოჯანმრთელდა, 3 - გარდაიცვალა.

კომენტარები