ეკონომიკა

მსოფლიოს სავალუტო ფონდი დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ რეცესიას პროგნოზირებს

"კორონავირუსის პანდემიამ, რომლის შედეგების სრულად პროგნოზირება ამ დროისთვის შეუძლებელია, გლობალური ეკონომიკა არნახული გამოწვევის წინაშე დააყენა" - აცხადებენ მსოფლიო სავალუტო ფონდში. 

"ჩვენ კვლავაც უკიდურეს გაურკვევლობაში ვართ - თუ რა სიღრმის და ხანგრძლივობის იქნება კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი, თუმცა უკვე ნათელია, რომ 2020 წელს გლობალური ეკონომიკა ზრდის უარყოფით ტემპებს აჩვენებს, რაც ჩვენს ახალ პროგნოზში აისახება", — თქვა ფონდის დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ. 

ეს განცხადება გეორგიევამ ფონდის ტრადიციული საგაზაფხულო შეხვედრების ფორმატში გააკეთა, რომელიც პანდემიის გამო ონლაინ ჩატარდა. 

"თვისობრივად, დიდი დეპრესიის შემდეგ, ყველაზე მასშტაბურ ეკონომიკურ რეცესიას ველოდებით", — ამბობს გეორგიევა. ამასთანავე, ფონდის დირექტორს არ გაუკეთებია კონკრეტული პროგნოზი, თუ რამდენით შემცირდება გლობალური ეკონომიკა მიმდინარე წელს. 

ორგანიზაციის ბოლო პროგნოზი სამი თვის წინ გამოქვეყნდა და შესაბამისად, პანდემიის პირობებში შექმნილ რეალობას ვერ ასახავს. წინა პროგნოზით ფონდი ვარაუდობდა, რომ წელს გლობალური ეკონომიკა 3,3%-ით გაიზრდებოდა, ხოლო 2021 წელს - 3,4%-ით. 

გეორგიევას თქმით, თუ წლის მეორე ნახევარში პანდემიის გაკონტროლება მოხერხდება, შესაძლებელი იქნება შემზღუდავი ნორმების ეტაპობრივი გაუქმება და გლობალური ეკონომიკა აღდგენას 2021 წლიდან დაიწყებს. ამავდროულად, გეორგიევა ამბობს, რომ პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობა ძალიან მაღალია და ვითარება შესაძლოა ყოველწუთიერად შეიცვალოს. 

ამასთანავე, გეორგიევამ დაასახელა განვითარებადი ბაზრებიდან კაპიტალის გადინების განახლებული მაჩვენებელი. სულ ბოლო ორი თვის განმავლობაში განვითარებადი ბაზრებიდან 100 მილიარდი დოლარი გავიდა, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს. 

ამავდროულად, ფონდი დადებითად აფასებს წამყვანი ქვეყნების მიერ ეკონომიკის სტიმულირებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს. გეორგიევას ცნობით, ჯამურად ანტი-კრიზისულ გეგმებისთვის გამოყოფილი თანხა 8 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

კომენტარები