კორონავირუსი საფრანგეთში

ფრანგული ავიამზიდის ეკიპაჟის 50 წევრს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

Reuters

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს ინფორმაციით, ფრანგულ ავიამზიდ შარლ დე გოლზე ახალი კორონავირუსით დაავადების 50 შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებულები ეკიპაჟის სხვა წევრებისაგან განცალკევებით, გემის იმ ნაწილში იმყოფებიან, რომელიც ვირუსის გამო დაკეტეს. სამი პირი, რომელთაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდათ, ტულონის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ავიამზიდზე ტესტების ჩატარება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ეკიპაჟის 40 წევრს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდა. სულ 66 ტესტი ჩატარდა, აქედან 50 დადებითი იყო. გემზე 1,760 ადამიანი იმყოფება. მას აქვს საკუთარი ინტენსიური თერაპიის აღჭურვილობა.

ავიამზიდი ბალტიის ზღვაში წვრთნებში იღებდა მონაწილეობას. ამჟამად ხომალდი ტულონის პორტისაკენ მიემართება.

10 აპრილის მონაცემებით, საფრანგეთში გამოვლენილია ახალი კორონავირუსით დაავადების 117,749 შემთხვევა, დაიღუპა 12,210, გამოჯანმრთელდა 23,206 ადამიანი.

გასულ კვირას კორონავირუსით დაავადების შემთხვევები გამოვლინდა აშშ-ის ავიამზიდ თეოდორ რუზველტზეც. ხომალდი ამჟამად გუამშია და დაავადებულებს იქ მკურნალობენ. მას შემდეგ, რაც ხომალდის კაპიტნის მიერ ზემდგომებისათვის მიწერილი წერილი გასაჯაროვდა, რომელშიც ის წერდა, რომ ავიამზიდის ეკიპაჟს დახმარება სჭირდებოდა და სთხოვდა, პორტში შეეშვათ, კაპიტანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ვირუსი ავიამზიდის ეკიპაჟის 416 წევრს დაუდასტურდა.

სულ აშშ-ში კორონავირუსი 468,895 ადამიანს გამოუვლინდა, დაიღუპა 16,697, გამოჯანმრთელდა - 25,928 ადამიანი.

კომენტარები