რუსეთი

რუსეთში Covid-19-ზე მიღებულ ზომებზე სოც. მედიაში გავრცელებულ "ყალბ სიახლეებს" დაბლოკავენ

9 აპრილს რუსეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ აკრძალავს სოციალურ მედიაში გავრცელებულ "ყალბ ამბებს", რომლებიც ახალი კორონავირუსის გამო მოსკოვში მიღებულ საკარანტინო ზომებს აკრიტიკებს.

რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებმა აპლიკაცია შექმნეს, რომლის მეშვეობით კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების ადგილსამყოფელს გააზიარებენ, რომ სხვა პირებმა ამა თუ იმ ადგილს თავი აარიდონ. ასევე იგეგმება დამატებითი ზომების შემოღება, მათ შორის "კონტროლის ჭკვიანი სისტემის" დანერგვა, რაც სპეციალური საშვების გაცემას გულისხმობს. მოქალაქეებს ეს საშვები სახლების დასატოვებლად დასჭირდებათ.

პროკურატურაში მაგალითად დაასახელეს ვიდეო, რომელშიც მამაკაცი მთავრობას "ციფრული საკონცენტრაციო ბანაკის" შექმნაში ადანაშაულებს და განაცხადეს, რომ ის იტყუება, როდესაც ამბობს, რომ სახელმწიფო გადატრიალება იწყება.

უწყებაში კიდევ ერთ პოსტზე ისაუბრეს, რომელიც, მათი თქმით, ყალბ ინფორმაციას ავრცელებდა მოსკოვში საშვებით თავისუფლად გადაადგილების სისტემის შესახებ.

"გენერალური პროკურატურა აგრძელებს ზომების მიღებას, რათა შეზღუდოს ინფორმაცია, სადაც ახალ კორონავირუსის სიტუაციაზე ყალბ ამბებს აქვეყნებენ", - თქვეს მათ.

2019 წელს სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, დაბლოკოს ვებგვერდები, რომლებიც სახელმწიფოზე "შეურაცხმყოფელ მასალას" ან "ცრუ ინფორმაციას" ავრცელებენ.

რუსეთში, ოფიციალური მონაცემებით, ახალი კორონავირუსი ამ დროისთვის 11 917 ადამიანს დაუდასტურდა. 94 პაციენტი გარდაიცვალა, 795 - გამოჯანმრთელდა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანას ახალ კორონავირუსზე დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

დასავლურმა მედიამ მოიპოვა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების დეპარტამენტის ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) მიერ მომზადებული 9-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც 16 მარტით არის დათარიღებული და ორგანიზაციის შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი. მასში ნათქვამია, რომ რუსული მედია დასავლეთის წინააღმდეგ აწარმოებს დეზინფორმაციის კამპანიას, რათა უნდობლობა და პანიკა დათესოს.

თებერვლის ბოლოს აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტმა სოციალურ მედიაში რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში გამოავლინა, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკა დაეთესათ, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და დაეკნინებინათ ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური მცდელობები. 

კომენტარები