აჭარის ტელევიზია

აჭარის ტელევიზიის ვებ გვერდზე ახალ ამბებს ნინო ხაჟომია უხელმძღვანელებს

ქალები საქართველოდან/ნინო ბაიდაური

აჭარის მაუწყებლის ონლაინ სამსახურს ვებ-გვერდზე ახალი ამბების შექმნის ფუნქცია ეზღუდება. ახალი ამბების სამსახური ონლაინ სამსახურს გამოეყოფა და მას ნინო ხაჟომია უხელმძღვანელებს.

ინფორმაცია თავად აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. არხის ცნობით, გადაწყვეტილება ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ მიიღო.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ონლაინ სამსახურის ხელმძღვანელი სოფო ჟღენტია, რომელმაც 10 აპრილს გაიგო, რომ მას უფლებამოსილება შეუცვალეს, ახალი ამბების შექმნის ფუნქცია ჩამოართვეს და ახალი ამბების სამსახურის ონლაინ რედაქტორად ნინო ხაჟომია დანიშნეს.

ჟღენტი აჭარის ტელევიზიასთან ყვება, რომ მას დაუკავშირდა ადმინისტრაციის წარმომადგენელი და სთხოვა, აჭარის მაუწყებელში თანამშრომელთა მიღების ახალი წესის თანახმად, როგორც მმართველთა საბჭოს წევრს, ერთი-ერთი თანამშრომლის სამსახურში მიღების თაობაზე მოსაზრება გამოეთქვა. ამის შემდეგ მას მეილზე ნინო ხაჟომიას განცხადება გადაუგზავნეს.

"განცხადებაში ნინო ხაჟომია სთხოვდა დირექტორს, აეყვანათ ახალი ამბების სამსახურში ონლაინ სამსახურის რედაქტორის პოზიციაზე. რადგან ასეთი პოზიცია მაუწყებელში აქამდე არ არსებობდა, სტრუქტურის მიხედვით, კი, ონლაინ სამსახურის რედაქტორი ჩემს სამსახურში შედიოდა, დავუკავშირდი დირექტორის თანაშემწეს, ნათია გოგიჩაიშვილს. მითხრა, რომ ასეთი პოზიცია გაჩნდა, რადგან საინფორმაციო სამსახურის ახალი დებულება შეიქმნა, ასევე მითხრა, რომ ონლაინ სამსახურის დებულებაში შევიდა "მცირედი" ცვლილებები. ბუნებრივია, ვიკითხე, როგორ შეცვალეს ჩემი სამსახურის დებულება, ჩემ გარეშე, რაზეც ნათია გოგიჩაიშვილმა მიპასუხა, რომ ეს დირექტორის დისკრეციული უფლებამოსილებაა.

მხოლოდ მეორე დღეს გადმომიგზავნეს დებულება, სადაც აღმოვაჩინე, რომ ამ "მცირედი" ცვლილებებით ჩემს სამსახურს მთლიანად ჩამოერთვა ახალი ამბების შექმნის ფუნქცია და მხოლოდ გადაცემებისა და შექმნილი პროდუქტების სოციალური მენეჯერის ფუნქცია დარჩა. ხელშეკრულების შეცვლის თაობაზე არც მე და არც ჩემს თანამშრომლებს არ დაგვკავშირებია არავინ. სავარაუდოდ, ჩემს სამსახურში მომუშავე ვებ-რედაქტორები სხვა სამსახურში აღმოჩნდებიან, რადგან ახალ დებულებაში ვებ-სამსახურის სტრუქტურიდან ვებ-რედაქტორები აღარ შედიან. მოკლედ, რეორგანიზაცია ჩაატარეს რეორგანიზაციის გარეშე. უკანონოდ, ჩემი ჩართულობის გარეშე ცვლიან ჩემს ხელშეკრულებას, რისი უფლებაც, როგორც იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ გავიგე, კანონით არ ჰქონდათ," - ამბობს სოფო ჟღენტი აჭარის ტელევიზიასთან.

ნინო ხაჟომია აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის რედაქტორად 24 თებერვალსაც დაინიშნა, თუმცა, 28 თებერვალს თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ონლაინ სამსახურის გაუქმების მცდელობა მაუწყებლის დირექტორს აქამდე რეორგანიზაციის მეშვეობით სურდა, რაც მაუწყებლის და თავად ონლაინ სამსახურის ხელმძღვანელის მხრიდან მისი ახალი ამბებიდან ჩამოშორების მცდელობად შეფასდა.

ონლაინ სამსახურის დებულების მიხედვით, ონლაინ სამსახურს ჰყავდა საკუთარი რედაქტორები და ისინი დამოუკიდებლად ჰქმნიდნენ ახალ ამბებს, აახლებდნენ საიტზე ინფორმაციას. პარალელურად საიტზე ტვირთავდნენ სატელევიზიო და რადიო პროდუქტებს და მართავდნენ სოციალურ ქსელებს.

ახალი დებულების მიხედვით კი, ონლაინ სამსახურს მხოლოდ სოციალური მენეჯერის ფუნქცია და მასალების საიტზე ატვირთვის კონტროლი დარჩა.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები უკვე რამდენიმე თვეა, ზეწოლაზე, დევნასა და ცენზურაზე საუბრობენ. გამართეს არაერთი საპროტესტო აქცია და აგრძელებენ სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვის მცდელობას.

2019 წლის 19 აპრილს არხის დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს ნათია კაპანაძე, რომელიც მაუწყებელს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. მის ნაცვლად გიორგი კოხრეიძე დანიშნეს, თუმცა ამისთვის მრჩეველთა საბჭოს რამდენიმე თვე დასჭირდა. კონკურსი 4-ჯერ ჩაიშალა. მეხუთე მცდელობაზე, 2019 წლის 22 ნოემბერს, დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს, რომელის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა საშტატო განრიგის ცვლილება იყო. სწორედ მან, პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა და ის პუნქტები ამოიღო, რომლითაც მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე კოორდინაცია და პოლიტიკის შემუშავება ევალებოდა. ზოიძე იძულებული გახდა, ტელევიზია დაეტოვებინა. კოხრეიძისვე ინიციატივა იყო რამდენიმე თანამდებობის გაუქმება, მათ შორის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის შტატის. ამ პოსტს ტელევიზიაში მაია მერკვილაძე იკავებდა, რომელიც კოხრეიძის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა. თანამდებობის დატოვება მასაც მოუწია.

13 მარტს სამსახურიდან გაათავისუფლეს წამყვანი თეონა ბაკურიძე, რომელიც აქტიურად აპროტესტებდა გიორგი კოხრეიძის მიერ ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვისკენ მიმართულ ნაბიჯებს. კოხრეიძემ ბაკურიძის გათავისუფლების მიზეზად "თანამშრომლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა" დაასახელა.

კომენტარები