სოფლის მეურნეობა

დავითაშვილი: ფერმერები შეძლებენ, მალფუჭებადი პროდუქტები საბითუმო კომპანიას ჩააბარონ

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, მალფჭებადი პროდუქტი კომპანია "ჯიბეს" ჩააბარონ, რომელიც, თავის მხრივ, ქსელურ სასურსათო მაღაზიების ქსელებს მოამარაგებს. საბითუმო წერტილები დიდუბეში, გლდანსა და ორხევში იქნება.

მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ამის შესახებ 7 აპრილს თქვა, მას შემდეგ, რაც თბილისში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველა აგრარული ბაზარი დაიხურა.

"შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, საბითუმო სავაჭრო ქსელი "ჯიბე". ბითუმად მოვაჭრეებს საშუალება ეძლევათ, მათ მიაწოდონ თავიანთი წარმოებული მალფუჭებადი სურსათი. თბილისის რამდენიმე რაიონში ეს იქნება დამატებითი სავაჭრო, ორგანიზებული პლატფორმა იმისთვის, რომ სანიტარიული, ჰიგიენური წესების დაცვით და დაავადების გავრცელების რისკის შემცირების პირობებში მოხდეს ვაჭრობის უწყვეტი განხორციელება", - თქვა დავითაშვილმა.

ტაბულას სოფლის მეურნეობის სამინისტროში უთხრეს, რომ "ჯიბე" იყო პირველი, ვინც მსგავსი ინიციატივა გამოტქვა, თუმცა, სხვა კომპანიებთან თანამშრომლობისთვისაც მზად არიან.

როგორც ვებ გვერდზეა მითითებული, "ჯიბე" - Cash & Carry საბითუმო ვაჭრობის ორგანიზებული ფორმაა, რომელიც პროდუქციის პირდაპირ საბითუმო საწყობიდან რეალიზებას უზრუნვეყოფს. მათი კლიენტები მაღაზიები, სალონები, რესტორნები, სასტუმროები და სხვა ობიექტები არიან.

დოკუმენტაციის მიხედვით, "ჯიბე" სააქციო საზოგადოებაა. მისი წლის 20%-ს სააქციო საზოგადოება პონტო ჰოლდინგი ფლობს, 80%-ს - სააქციო საზოგადოება ჯი-ეიჩ-ელჯორჯია. კომპანიის დირექტორი ანა გახარიაა.

კომენტარები