ბორის ჯონსონი

ჯონსონი ექიმებს: საკმარისად ვერ გამოვხატავ მადლიერებას. მათ უნდა ვუმადლოდე, რომ ცოცხალი ვარ

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა კორონავირუსის დიაგნოზით ლონდონის წმინდა თომას საავადმყოფოში მოხვედრის შემდეგ პირველი ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ექიმებს მადლობას უხდის მისი გადარჩენისათვის:

"საკმარისად ვერ გამოვხატავ მადლიერებას. მათ უნდა ვუმადლოდე, რომ ცოცხალი ვარ."

ჯონსონმა კორონავირუსის გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 3 ღამე გაატარა. მას სასუნთქი აპარატი არ დასჭირვებია. ვირუსის დადასტურების შესახებ ჯონსონმა ვიდეო მიმართვა 27 მარტს გაავრცელა. 10 დღის განმავლობაში ჯონსონი თვითიზოლაციაში იყო და სახლიდან უძღვებოდა მთავრობის საქმიანობას, 5 აპრილს კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამჟამად ის თავს უკეთ გრძნობს და პერიოდულად შესვენებით მცირე მანძილზე გადაადგილება შეუძლია.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ჯონსონს ახლა დასვენება და სრულად გამოჯანმრთელება სჭირდება. მანამდე მის მოვალეობას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი ასრულებს.

კომენტარები