ისრაელი

ბენი განცმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად დამატებითი დრო ითხოვა

ბენიამინ ნეთანიაჰუ / ბენი განცი
Reuters

ბენი განცმა პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად დამატებითი დრო მოითხოვა.

განცის პარტია ლურჯი და თეთრი 2 მარტს გამართულ არჩევნებში ნეთანიაჰუს ლიკუდის პარტიის მთავარი ოპონენტი იყო. არჩევნების შემდეგ პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა მთავრობის ფორმირების მანდატი სწორედ მას გადასცა. კოალიციის ფორმირების ვადა 14 აპრილს იწურება. განცმა ვადის კიდევ 14 დღით გაგრძელება ითხოვა.

ამ დრომდე განცი უარს ამბობდა ნეთანიაჰუსთან კოალიციის შექმნაზე და მიზეზად კორუფციის ბრალდებებს და მოქმედი პრემიერმინისტრის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას ასახელებდა.

თუმცა, მან თქვა, რომ კორონავირუსის კრიზისის გამო აუცილებელია შეიქმნას მთავრობა, რომელიც საგანგებო სიტუაციისას ქვეყანას მართავს:

"პოლიტიკურმა, სოციალურმა და ჯანდაცვის კრიზისმა მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მძიმე პოლიტიკური და პირადი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, ყველაფერს გავაკეთებს, რათა ლიკუდთან ერთად მთავრობა შევქმნათ." ნათქვამია განცის წერილში, რომელიც მისმა პარტიამ გამოაქვეყნა.

ჯერ-ჯერობით უცნობია დათანხმდება თუ არა პრეზიდენტი ვადის გახანგრძლივებას. ისრაელის მედიის მიხედვით პარტიები უკვე შეთანხმდნენ ძალაუფლების განაწილებაზე. შეთანხმების მიხედვით ნეთანიაჰუ პრემიერმინისტრის პოსტზე კიდევ 18 თვე დარჩება, რის შემდეგაც მომდევნო არჩევნებამდე პოსტს ბენი განცი დაიკავებს.

ისრაელში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირების 10,095 შემთხვევაა გამოვლენილი, დაიღუპა 92, გამოჯანმრთელდა 1,061 ადამიანი. ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის დახურულია ბიზნესების და დაწესებულებების ნაწილი, რის გამოც უმუშევრობის დონე 25%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის გენერალურმა პროკურორმა 2019 წლის 21 ნოემბერს პრემიერმინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს სამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საქმეზე ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. საქმეები ქრთამის აღებას, თაღლითობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეხება. სასამართლო პროცესი შესაძლოა რამდენიმე თვე ან წელს გაგრძელედეს. მისი მიმდინარეობისას ნეთანიაჰუ ვალდებული არაა პოსტი დატოვოს. მას მაქსიმუმ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ვირუსის გამო სასამართლო პროცესი 24 მაისამდე გადაიდო.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის 17 სექტემბერს ჩატარებული განმეორებითი არჩევნების შემდეგ განცმა და ნეთანიაჰუმ კოალიციის შემქნაზე მოლაპარაკებები აწარმოეს, თუმცა უშედეგოდ.

კომენტარები