სააღდგომო ლიტურგია

მეუფე იაკობი: აუცილებლად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია და როგორ ჩატარდება, მაგას ვნახავთ

მეუფე იაკობი

"აუცილებლად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია და როგორ ჩატარდება, მაგას ვნახავთ," - ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობის თქმით, ის, რომ საპატრიარქო პანდემიის ფონზე ღვთისმსახურებებს არ ცვლის, ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. 

"არავის არ ვეძახით, მოდითო, მაგრამ ხალხი თვითონ მობრძანდება, ხო ხედავთ... თუ მოვიდა კაცი, უნდა მიიღო, თუ არ მოვა, დღეს არავის არ ვეძახით... ხელისუფლებასთან ერთად შევძლებთ იმას, რომ ჩავატაროთ ისე, როგორც ტარდება. უნდა დაგვაცადონ, რომ აქ იქნება თუ სხვა ტაძრებში, წესრიგზე ვიზრუნოთ," - ამბობს ის.

ეპისკოპოსის თქმითვე, კორონავირუსის პანდემია არასწორი ცხოვრებისთვის მოვლენილი რისხვა და განსაცდელია. 

"ჩვენ არ ვიცავთ იზოლაციის წესებს, ან იმას? შეხედეთ რამდენი დროს გავიდა, 6 კვირაზე მეტია გასული, რაც ყველაფერი დაწყებულია და ძალიან უნდათ ხოლმე, რომ კლასტერი ეკლესიიდან იყოს, ვინმეს გადადებია აქედან?!" - ამბობს მეუფე იაკობი.

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, ეკლესიებში წირვა-ლოცვა კვლავ გრძელდება. წირვის დასრულების შემდეგ მრევლი ერთი კოვზით ეზიარება. 

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება უმცირესობაში სერბეთთან და პოლონეთთან ერთად. 

დღეს სამებაში შეკრებილ მრევლს ვნების კვირეულის ღვთისმსახურებების განრიგი გააცნეს. საპატრიარქოს წარმომადგენლის ცნობით, აღდგომის წინა ღამე პატრიარქი სამებაში კომენდანტის საათის დროს მივა და სააღდგომო ლიტურგიას კანონდარღვევით ჩაატარებს. იქნება ლიტანიობაც. 

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ე.წ კომენდანტის საათია გამოცხადებული და გარეთ გასვლა აკრძალულია. 

კომენტარები