ავღანეთი

ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ თალიბანი 20 პატიმარს გაათავისუფლებს

AFP

დაჯგუფება თალიბანის სპიკერმა სუჰაილ შაჰინმა მთავრობასთან დაწყებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ თქვა, რომ ქალაქ ყანდაარში 20 პატიმარს გაათავისუფლებენ.

"დღეს ქაბულის ადმინისტრაციის 20 პატიმარი გათავისუფლდება." თქვა მან. პატიმრებს წითელი ჯვრის წარმომადგენლებს გადასცემენ.

თალიბანის სპიკერმა, ზაიბულა მუჯაჰიდმა თქვა, რომ პატიმრების გათავისუფლება კეთილი ნების ჟესტი იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეწყვეტილი მოლაპარაკებები გაგრძელდება.

მანამდე ავღანეთის მთავრობამ დაიწყო პატიმრების გათავისუფლების პროცესი, რომელიც აშშ-სა და თალიბანს შორის მიღწეული შეთანხმების ნაწილს წარმოადგენდა, თუმცა უშუალოდ ავღანეთის მთავრობასა და დაჯგუფებას შორის დაწყებული მოლაპარაკებები ჩაიშალა. მაშინ თალიბანმა განაცხადა, რომ პატიმრების გათავისუფლება შეფერხდა და ტექნიკური გუნდი უნაყოფო შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს.

თალიბანის წარმომადგენლები ქაბულში მარტში ჩავიდნენ, რათა პატიმრების გაცვლის პროცედურა დაეწყოთ. გასულ კვირას ავღანელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დაავადებულ ან 50 წელს გადაცილებულ თალიბანის პატიმრებს გაათავისუფლებდნენ. სანაცვლოდ, თალიბანი ავღანეთის უსაფრთხოების ძალების 20 წევრის გათავისუფლებას აპირებდა.

ავღანეთის მთავრობის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თალიბანი რამდნიმე მაღალი რანგის მეთაურის გათავისუფლებას ითხოვს, რომლებიც გასულ წლებში ერთერთ ყველაზე ძალადობრივ თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი.

29 თებერვალს აშშ-მა და თალიბანმა სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც მომდევნო 14 თვეში ქვეყნის ტერიტორიიდან აშშ-ის და NATO-ს ჯარები გავა იმ შემთხვევაში, თუ დაგჯუფება ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს.

პატიმრების გათავისუფლება აშშ-სთან მიღწეული შეთანხმების ნაწილია, თუმცა ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თქვა, რომ მის მთავრობას ამაზე თანხმობა არ განუცხადებია. მან ისიც თქვა, რომ ეს პირობა შესაძლოა განიხილონ თალიბანთან მოლაპარაკებებში, თუმცა არა როგორც მოლაპარაკებების წინაპირობა.

"ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ შიდა ავღანური მოლაპარაკებისათვის, მაგრამ ველით 5,000 პატიმრის გათავისუფლებას. თუ ჩვენი 5,000 პატიმარი - 100-ით ან 200-ით მეტი ან ნაკლები, მნიშვნელობა არ აქვს, არ გათავისუფლდება, შიდა ავღანური მოლაპარაკებები არ იქნება," - 3 მარტს თალიბანის სპიკერმა ზაიბულა მუჯაჰიდიმ თქვა, რომ მიუხედავად აშშ-სთან რამდენიმე დღის წინ მიღწეული შეთანხმებისა, ავღანეთის სამთავრობო ძალებზე თავდასხმას გააგრძელებენ.

აშშ-სა და თალიბანს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში 10 მარტს აშშ-მა ავღანეთიდან სამხედრო ძალების გაყვანა დაიწყო. შეთანხმების მიხედვით აშშ-ს ხელმოწერიდან 135 დღეში ჯარისკაცების რაოდენობა 12,000-დან 8,600-მდე უნდა შეემცირებინა.

მიუხედავად შეთანხმებისა თალიბანი თავდასხმებს აგრძელებს და შეთანხმების შემდეგ რამდენიმე დღეში აშშ-მა უკვე განახორციელა საპასუხო დარტყმები.

კომენტარები