ახალი კორონავირუსი ბრიტანეთში

ჯონსონი მოქალაქეებს: მესმის, რა რთულია თვითიზოლაციის წესების დაცვა, ეს ძალისხმევა დაფასდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა, რომელიც ახალი კორონავირუსით არის ინფიცირებული და 1-კვირიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ საავადმყოფო დღეს, 12 აპრილს დატოვა, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

მან მიმართვა გაავრცელა, რომლითაც ის მადლობას უხდის ექიმებს, ექთნებს და სხვა თანამშრომლებს, ასევე, რიგით მოქალაქეებსაც, რომლებიც, მიუხედავად აღდგომის დღესასწაულისა, გაზაფხულისა და კარგი ამინდისა, რაც ასე მიმზიდველია, თვითიზოლაციის წესებს იცავენ და სახლებში რჩებიან.

"ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულმა სისტემამ ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა. მადლიერების გამოსახატად სიტყვები არ მყოფნის. მაგრამ მანამდე, მინდა მადლობა გადავუხადო მთლიანად დიდ ბრიტანეთს ძალისხმევისა და გაღებული მსხვერპლისთვის. როცა დილით მზე ამოდის და ბავშვები სახლში არიან. როცა გარეთ გასვლა სასიამოვნო და მიმზიდველია, წარმომიდგენია, როგორი რთულია სოციალური დისტანციის წესების დაცვა. მადლობას გიხდით, რომ ქვეყნის მილიონობით მოქალაქე სწორ ნაბიჯებს დგამს და თვითიზოლაციის სირთულეებს უძლებს, რწმენით, მოთმინებით და როგორც საკუთარ თავზე, ისე სხვებზე ფიქრითა და ზრუნვით. მე მჯერა, რომ ამ აღდგომა დღეს თქვენ მიერ გაწეული ძალისხმევა დაფასდება.

ამასთან, ჩვენ ყოველდღიურად ვგლოვობთ იმ ადამიანებს, რომლებიც იღუპებიან და, თუმცა ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, ჩვენ წინ მივიწევთ კორონავირუსის წინააღმდეგ ეროვნულ ბრძოლაში. ბრძოლაში, რომელიც ჩვენ არ აგვირჩევია, მტერთან, რომლის შესახებაც ყველაფერი ჯერაც არ ვიცით. ჩვენ წინ მივიწევთ ამ ეროვნულ ბრძოლაში იმიტომ, რომ ბრიტანულმა საზოგადოებამ შექმნა ადამიანური ფარი ქვეყნის უდიდესი აქტივის, ჯანდაცვის სისტემის ირგვლივ. ჩვენ გვესმის და გადავწყვიტეთ, რომ თუ ჩვენ ერთად უზრუნველვყოფდით ეროვნული ჯანდაცვის სისტემის უსაფრთხოებას, თუ შევძლებდით, თავიდან აგვეცილებინა მისი გადატვირთვა, ვერ დავმარცხდებოდით, ისევე, როგორც ჩვენ გადაგვილახავს არაერთი გამოწვევა წარსულში.

ბოლო 7 დღეში მე ასევე ვნახე ის ზეწოლა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა განიცდის. მე ვნახე პერსონალური სიმამაცე, არა მხოლოდ ექიმების ან ექთნების, არამედ ყველასი - დამლაგებლების, მზარეულების, მიმღების თანამშრომლების, ფიზიოთერაპევტების, რადიოლოგების, ფარმაცევტების, რომლებიც უწყვეტად დადიოდნენ სამსახურში, საკუთარ თავს საფრთხეს უქმნიდნენ და რისკავდნენ. მადლობას ვუხდი ამ გამბედაობის, თავდადების, მოვალეობის გრძნობის და სიყვარულისთვის, რის გამოც ჯანდაცვის ეროვნული სისტემა დაუმარცხებელია", - თქვა ჯონსონმა.

პრემიერმინისტრმა უშუალო მადლობაც გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც ჰოსპიტალიზაციისაც მას უვლიდნენ, ექიმს, რომელიც მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს იღებდა, ასევე, გამორჩეულად აღნიშნა 2 მედდა, რომლებმაც ჯონსონის საწოლთან 48 საათი გაატარეს. როგორც ბრიტანეთის პრემიერმა თქვა, მისმა ორგანიზმმა ჟანგბადის კვლავ მიღება სწორედ მათი ძალისხმევის შედეგად დაიწყო.

ბორის ჯონსონს ახალი კორონავირუსი 27 მარტს დაუდასტურდა. დიაგნოზის შესახებ მან სპეციალურ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. მაშინ ჯონსონმა თქვა, რომ მსუბუქი სიმპტომები აქვს და მთავრობის მართვას თვითიზოლაციიდან გააგრძელებდა. მოგვიანებით, 9 აპრილს ბორის ჯონსონს ვირუსის მიმდინარეობა დაუმძიმდა და ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

კომენტარები