ახალი კორონავირუსი საქართველოში

მიტროპოლიტი დიმიტრი: ქობულეთის 3 სოფელში წირვა მრევლის გარეშე ტარდება, სხვაგან - ჩვეულებრივად

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ბათუმის და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, დიმიტრი შიოლაშვილი, ტაბულას კითხვაზე, იგეგმება, თუ არა მსახურების დროებით შეჩერება ქობულეთში, მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პარალელურად, შემდეგს გვპასუხობს:

"მკაცრი საკარანტინო რეჟიმი აჭარაში მოქმედებს მხოლოდ ქობულეთის სამ სოფელში, ეს სოფლებია წყავროკა, მუხაესტატე და ლეღვა, ამ სოფლებში ღვთისმსახურება აღესრულება მრევლის გარეშე," - ამბობს მიტროპოლიტი, რომლის ცნობითაც, სხვა ტაძრებში ღვთისმსახურება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

ქობულეთის მკაცრი საკარანტინო რეჟიმის აღსრულებას, შსს-ის ძალებთან ერთად, თავდაცვის ძალების II ბრიგადა უზრუნველყოფს. მოწყობილია გადაადგილების შემზღუდავი ბლოკ-პოსტები. ჯარისკაცები 7 ადგილას არიან განლაგებულები.

აჭარაში COVID 19-ზე 66 პირის ანალიზის შედეგებს ელოდებიან. პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ამ დრომდე, ახალი კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი, 20 შემთხვევა, ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. 13 აპრილის 11:00 საათის მდგომარეობით, ახალი კორონავირუსი საქართველოში 266 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა  - 67 პირი.

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობს და ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, ეკლესიებში წირვა-ლოცვა მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება. 12 აპრილს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ბზობა აღნიშნა. ტაძრებში ხალხმრავლობა იყო, ჩატარდა ერთი კოვზით ზიარება. სამების ტაძარში პატრიარქმა ილია მეორემ სწირა.

12 აპრილს სამებაში შეკრებილ მრევლს ვნების კვირეულის ღვთისმსახურებების განრიგიც გააცნეს. აღდგომის წინა ღამეს პატრიარქი სამებაში კომენდანტის საათის დროს მივა და სააღდგომო ლიტურგიას კანონდარღვევით ჩაატარებს. იქნება ლიტანიობაც.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება უმცირესობაში სერბეთთან და პოლონეთთან ერთად.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ე.წ კომენდანტის საათია გამოცხადებული და გარეთ გასვლა აკრძალულია, ასევე, დაუშვებელია, 3 პირზე მეტის შეკრება, ვინაიდან ახალი კორონავირუსი წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციაა.

დახურულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ მუშაობს რკინიგზა, დახურულია სავაჭრო ობიექტები, აგრარული ბაზრები. ქობულეთის გარდა, მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გამო ჩაკეტილია მარნეული, თერჯოლა და ბოლნისი. თუმცა, ეკლესია კანონს არ ემორჩილება და მათ ამისკენ არც ხელისუფლება მოუწოდებს.

კომენტარები