კორონავირუსი რუსეთში

მოსკოვში კარანტინის "კონტროლის ჭკვიანი სისტემის" ვებ-გვერდი ამოქმედებიდან მალევე გაითიშა

Reuters

13 მარტს მოსკოვში ახალი ვებ-გვერდი ამოქმედდა, სადაც მიმდინარე კვირაში უნდა გააქტიურდეს მოქალაქეებისათვის კარანტინის დროს გადაადგილების ნებართვის სისტემა, თუმცა საიტი მალევე გაითიშა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვებ-გვერდზე თავდასხმა ჰაკერებმა მოაწყვეს.

მოსკოვის მერიის წარმომადგენელმა "ეხო მასკვისთან" საუბარში თქვა, რომ თავდასხმა მოხდა მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც და რომ შეტევა უფრო მასშტაბური იყო, ვიდრე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მომხდარი ყველა კიბერშეტევა ჯამში. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მოხერხდა 700,000 საშვის გაცემა მოქალაქეებზე, რათა მათ კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა შეძლონ.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა "კონტროლის ჭკვიანი სისტემის" შესახებ გასულ თვეს გამოაცხადა, რაც სპეციალური საშვების გაცემას გულისხმობს. მოქალაქეებს ეს საშვები სახლების დასატოვებლად დასჭირდებათ. 

მოსკოვის ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება, მერიის ვებ-გვერდზე დარეგისტრირდეს და მიუთითოს საცხოვრებელი ადგილი. სისტემა მათ QR კოდს მიანიჭებს, რაც სახლის დატოვების უფლებას განუსაზღვრავს. პოლიციის მოთხოვნის შემთხვევაში, მოქალაქეები ვალდებული იქნებიან, სწორედ ეს კოდი წარმოადგინონ.

ახალი შეზღუდვები არ შეეხება მათ, ვისაც სპეციალური საშვები იქნებათ, რომლებსაც, საჭიროების მიხედვით, მერია გასცემს.

მოსკოვში საყოველთაო თვითიზოლაციის რეჟიმი 29 მარტს ამოქმედდა. მოსახლეობას სახლების დატოვება მხოლოდ შემდეგი მიზეზების გამო შეუძლია: სამედიცინო დახმარების მიღება, სამსახურში წასვლა, უახლოეს მაღაზიაში ან აფთიაქში წასვლა, შინაური ცხოველის გასეირნება სახლიდან 100 მეტრის რადიუსში, ნაგვის გადაყრა.

გარდა ამისა, რუსეთი ქვეყანაში შემოღებული კარანტინის პირობებში მოსახლეობის გადაადგილების გასაკონტროლებლად სახის ამომცნობ ტექნოლოგიას იყენებს.

მოსკოვში სახის ამომცნობი, სათვალთვალო სისტემა მიმდინარე წელს დაინერგა და მას მოსახლეობის ნაწილის პროტესტი მოჰყვა. კორონავირუსის პანდემიის პირობებში კი, მოსკოვის პოლიციამ ამ სისტემის საშუალებით 200 ადამიანი კარანტინის ზომების დარღვევისათვის დაიჭირა და დააჯარიმა. რუსული მედიის მიხედვით ამ პირებიდან რამდენიმე გარეთ მხოლოდ ნახევარი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, როდესაც კამერამ დააფიქსირა.

ამჟამად რუსეთის დედაქალაქში არსებულ ამ სისტემაში 170,000 კამერაა ჩართული და კიდევ 9,000 კამერის დამატება იგეგმება.

მოსკოვის მერის თქმით, ამ სისტემას იმ პირების კონტაქტების გასაანალიზებლადაც იყენებენ, ვინც შესაძლოა ვირუსით იყოს ინფიცირებული. სერგეი სობიანინმა თავის ბლოგში აღწერა, როგორ უთვალთვალებდნენ ჩინელ ქალს, რომელიც პეკინიდან მოსკოვში თებერვალში ჩავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მას კორონავირუსი არ აღმოაჩნდა, სისტემამ აღრიცხა მძღოლი, რომელმაც ის საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, მეგობრები, ვისაც შეხვდა და იმავე შენობაში მცხოვრები 600-მდე ადამიანი.

გარდა ამისა, ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა, რუსეთის კომუნიკაციების სამინისტროს დაავალა, მთელი ქვეყნის მასშტაბით აემუშავებინათ სისტემა, რომელიც მობილური ოპერატორებისაგან კონკრეტული პირის ადგილმდებარეობის მონაცემებს მოიპოვებს. მონაცემები ანონიმური არ იქნება. ის ადგილობრივ სამართალდამცველებს გადაეგზავნებათ, რათა შესაძლო ინფიცირებული პირი კარანტინში გადაიყვანონ.

რუსეთში მოქმედ ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ეს ტექნოლოგიები, შესაძლოა, მომავალში კრემლმა მოსახლეობაზე სათვალთვალოდ გამოიყენოს.

ამჟამად რუსეთში ახალი კორონავირუსი სულ 15,770 ადამიანს დაუფიქსირდა, დაიღუპა 130, გამოჯანმრთელდა - 1,291 ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ დედაქალაქ მოსკოვში გამოვლინდა.

კომენტარები