საგანგებო მდგომარეობა

ბოკერია: მხარს დავუჭერთ ყველა გონივრულ შეზღუდვას, ახლა რაც ხდება, ეს არის ფარსი

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, პარტია მხარს დაუჭერს ყველა გონივრულ შეზღუდვას, რომელიც საჭიროა მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის, თუმცა, მისივე თქმით, რაც ახლა ხდება - ფარსია. ბოკერია ამბობს, რომ პირველ შემთხვევაში, როცა მათ მხარი დაუჭირეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ორი პირობა ჰქონდათ - ყოფილიყო ვადით განსაზღვრული და არ შეხებოდა პოლიტიკურ თავისუფლებებს. 

"იქვე ვთქვით, რომ ამ ერთ თვეში უნდა დავინახოთ, როგორ ასრულებს ხელისუფლება შეზღუდვებს და რა გეგმა აქვს. როცა ეუბნები ადამიანებს, თუნდაც ლეგიტიმური საფუძვლით, დარჩი სახლშიო და ამავე დროს, არანაირ ნაბიჯებს არ დგამ იმ მიმართულებით, თუ როგორ უნდა შეინახოს მან ოჯახი და ეკონომიკურ საქმიანობას და საკუთარი ოჯახის შენახვის შესაძლებლობას უზღუდავ, ეს უკვე კატასტროფაა", - ამბობს ბოკერია. 

ბოკერია ასევე აღნიშნავს, რომ საგანგებო მდგომარეობით დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა აბსურდულია. მისთვის გაუგებარია კომენდანტის საათის მნიშვნელობაც. 

"პატარა მაღაზიების დაკეტვით კიდევ უფრო იზრდება რისკი, რომ სხვაგან ადამიანების შეგროვება მოხდეს, ანუ სრულიად გაუაზრებელია ეს ყველაფერი, თან შერჩევითია. ჩემთვის გაუგებარია, რა ნიშნით შეარჩიეს ვინ უნდა დაეხურათ და ვინ არა", - ამბობს ბოკერია.

ევროპული საქართველოს ლიდერი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ შეზღუდვებს არ იცავს ეკლესია.

"არ სრულდება ეს შეზღუდვები ყველაზე დიდი რელიგიური ორგანიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილის მიმართ, ვგულისხმობ ეკლესიას. ვნახეთ ბზობა, იქამდეც ვნახეთ განცხადებები. ხელისუფლების განცხადებებშიც კი არის სიგნალი, რომ არაუშავს, კომპრომისს გამოვნახავთო" - ამბობს ბოკერია. 

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, მსგავს შეზღუდვებს მისი პარტია მხარს აღარ დაუჭერს, რადგან ქვეყნისთვის საზიანოა. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე არის გამოცხადებული. ასევე მოქმედებს თითქმის საყოველთაო კარანტინი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე დაწესებულია ე.წ კომენდანტის საათი.

აკრძალულია სამ ადამიანზე მეტის შეკრება, დახურულია ყველა სავაჭრო დაწესებულება, გარდა საკვებისა და აფთიაქებისა, შეზღუდვებია ონლაინ ვაჭრობაზეც. 

თუმცა, ამ პირობებშიც კი, ეკლესია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ღვთიმსახურებების შესრულებას და აღდგომის წინა ღამეს კომენდანტის საათის დროს აპირებს წირვების ჩატარებას. 

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 266 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 67 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები