კორონავირუსი უკრაინაში

კიევ-პეჩორის ლავრაში კარანტინი წესდება

АНДРІЇВСЬКО-ПЕЙЗАЖНА ІНІЦІАТИВА

კიევ-პეჩორის ლავრაში, სადაც კორონავირუსით დაინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინი წესდება. უკრაინული გამოცემა Unian-ის ცნობით, ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მერის განცხადებით, კიევში ბოლო 24 საათში ინფიცირების 79 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 63 - პეჩორის ლავრაში. 

"მთლიანობაში, კიევ-პეჩორის ლავრაში კორონავირუსით ინფიცირების 90 შემთხვევაა გამოვლენილი. ჩვენ უნდა გვქონდეს დაავადების გავრცელების რეალური სურათი. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ კიევ-პეჩორის ლავრაში დედაქალაქის საგანგებო სიტუაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კარანტინი წესდება," - თქვა კლიჩკომ. 

გამოცემის ცნობით, კლიჩკო სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, რათა კარანტინის რეჟიმის დაცვის კონტროლი უზრუნველყოფილი იყოს. 

Unian ასევე წერს, რომ კიევ-პეჩორის ლავრა, რომელსაც მხარს რუსეთის საპატრიარქო უჭერს, აქამდე მოუწოდებდა მოსახლეობას, რომ ხელისუფლების რეკომენდაციები არ დაეცვათ, მისულიყვნენ ეკლესიაში და ზიარება მიეღოთ. 

"ნუ შეხედავთ უფროს ან უმცროს თაობას, ყველა მოდით ეკლესიაში, ჩაეხუტეთ ერთმანეთს," - მოჰყავს გამოცემას ლავრის წარმომადგენლის სიტყვები.

კიევ-პეჩორის ლავრაში კორონავირუსით არქიმანდრიტი დაიღუპა. ინფიცირებულია 63 სასულიერო პირი.

უკრაინის მთავრობამ ქვეყანაში მკაცრი საკარანტინო ზომები შემოიღო და საეკლესიო მსახურებებიც დისტანციური გახდა, მრევლის დასწრება აიკრძალა. ტაძრებს დეზინფექცია ჩაუტარდა.

უკრაინაში 13 აპრილის მდგომარეობით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 3 102 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 93 ადამიანი.

კომენტარები