კორონავირუსი

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დაწესდა

საქართველოს მთავრობა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვების გარდა, სოფელში იკრძალება შესვლა და გამოსვლა. მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სჭირდებათ პროდუქტის, მედიკამენტების შეძენა, ან სამედიცინო მომსახურების მიღება.

"ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით. ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, სოფელ ხიდისყურში საკარანტინო რეჟიმის პირობებში, მუშაობის უფლება მიეცემა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს" - აცხადებს საქართველოს მთავრობა.

აქამდე, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადებულია იყო მარნეულში, ბოლნისში, ლენტეხსა და ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში.

საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა და "ფაქტობრივი კარანტინია" დაწესებული. 21:00-დან 06:00-მდე მოქმედებს კომენდანტის საათი. ქვეყანაში კორონავირუსის 266 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 67 და გარდაიცვალა 3 ადამიანი.

კომენტარები