რუსეთისთვის სამადლობელი ვიდეოს ჩაწერის სანაცვლოდ იტალიელებს 200 ევროს სთავაზობენ

იტალიელებს ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სთავაზობენ, ჩაწერონ ვიდეომიმართვა, რომელშიც ისინი რუსეთს და ვლადიმირ პუტინს "კორონავირუსის პანდემიისას გაწეული დახმარებისთვის" მადლობას გადაუხდიან.

იტალიური გამოცემა La Republica-ს ინფორმაციით, იტალიაში მცხოვრები რუსები სხვადასხვა ქსელში უკავშირდებიან თავიანთ ნაცნობ იტალიელებს და სთავაზობენ, ერთ-ერთი რუსული მედიისთვის ჩაწერონ ვიდეომიმართვა. მედიის სახელწოდება უცნობია. 

La Republica წერს, რომ საჭიროა 15 იტალიელი, რომელიც ვიდეოში იტყვის რაიმე დადებითს რუსულ ჰუმანიტარულ დახმარებაზე. "მადლიერების გამომხატველი ვიდეოების" გამოქვეყნება შეიძლება Facebook-ზე, Twitter-სა და Instagram-ზე.  

ასეთი ვიდეოს გადაღებისთვის ანაზღაურება 200 ევროა, ხოლო ტექსტურ ფორმატში ანაზღაურება - უფრო ნაკლები. გამოცემა დაუკავშირდა ერთ-ერთ იტალიელს, რომელმაც Tik-Tok-ზე მადლიერების გამომხატველი ვიდეო გამოაქვეყნა. რესპონდენტის თქმით, მსგავსი, ოღონდ უფრო პატარა ვიდეოს სანაცვლოდ მისმა მეგობარმა 20 ევრო მიიღო.

გამოცემა დაუკავშირდა იტალიაში რუსეთის საელჩოსაც. უწყებაში განაცხადეს, რომ საკითხის შესახებ არაფერი იციან. მათ გავრცელებულ ინფორმაციას თაღლითების მიერ მოწყობილი პროვოკაცია უწოდეს. 

საელჩოში, ასევე, ამბობენ, რომ ყოველდღიურად მადლიერი იტალიელი მოქალაქეების ასობით სატელეფონო ზარს პასუხობენ.

რუსეთმა იტალიაში სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარება რამდენიმე კვირის წინ გააგზავნა. მოგვიანებით, გამოცემა La Stampa-მ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით მოამზადა მასალა, რომლის მიხედვითაც რუსეთის მიერ გაგზავნილი დახმარების 80% სრულიად უსარგებლო აღმოჩნდა.

კომენტარები