კორონავირუსი აშშ-ში

ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის ეკონომიკის გახსნის გეგმაზე მუშაობს

დონალდ ტრამპი
Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი ადმინისტრაცია ეკონომიკის გახსნის გეგმაზე მუშაობს. კორონავირუსის გამო დახურული ბიზნესების და დაწესებულებების ამუშავება აშშ-ში, სავარაუდოდ, პირველი მაისიდან იგეგმება. ამჟამად შემოღებულ საგანგებო ზომებს, რომლებიც ამერიკელებს სახლში დარჩენის რეკომენდაციას აძლევს და არა-აუცილებელ მგზავრობას და 10 კაცზე მეტის შეკრებას კრძალავს, ვადა 30 აპრილს გასდის.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად აღარ იზრდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სოციალურმა დისტანცირებამ იმუშავა, თუმცა მან ასევე თქვა, რომ აფიქრებს ვირუსის მეორე ტალღის საფრთხეც.

ჟურნალისტების კითხვაზე, აქვს თუ არა ტრამპს ძალაუფლება, რომ ეს გადაწყვეტილება გაავრცელოს იმ შტატებზეც, რომელთა გუბერნატორებსაც საგანგებო ზომების გახანგრძლივება სურთ, მან თქვა:

"როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ხარ, სრული ძალაუფლება გაქვს. გუბერნატორებმა ეს იციან. ამის გათვალისწინებით, ჩვენ შტატებთან ვიმუშავებთ."

მიუხედავად ტრამპის განცხადებისა, შტატების ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით საგანგებო ზომების მოხსნაზე უარი თქვას.

იმ შტატებს შორის, რომლებიც ეკონომიკური აქტივობის აღდგენას განიხილავენ არის ნიუ იორკიც, სადაც ვირუსით დაავადების და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ კი თქვა, რომ ყველაზე ცუდი პერიოდი უკვე გადაიარეს:

"არავინ ყოფილა ასეთ სიტუაციაში და ამიტომ პასუხი არავის აქვს. რომელია პირველ ადგილზე? ჯანდაცვა თუ ეკონომიკა? ორივე." თქვა მან.

ნიუ იორკში ამჟამად გამოვლენილია კორონავირუსით დაავადების 195,655 შემთხვევა, დაიღუპა 10,056 ადამიანი. აშშ კორონავირუსით დაავადებულთა და დაღუპულთა ოფიციალური მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების სულ 587,155 შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 23,644 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 36,948.

კომენტარები