ისრაელი

ისრაელის პრეზიდენტმა განცს და ნეთანიაჰუს კოალიციაზე მოლაპარაკებებისათვის 48 საათი მისცა

ბენი განცი, ბენიამინ ნეთანიაჰუ
AFP

ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა ოპოზიციის ლიდერს ბენი განცს დამატებითი დრო მისცა მოქმედ პრემიერმინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და მის პარტიასთან სამთავრობო კოალიციის შემქნაზე მოლაპარაკებებისათვის.

თავდაპირველად რივლინმა განცს ვადის 14 დღით გახანგრძლივებაზე უარი უთხრა, თუმცა, მას შემდეგ, რაც განცსა და ნეთანიაჰუს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდა, გადაწყვეტილება შეცვალა.

განცმა მოლაპარაკებების გაგრძელება ნეთანიაჰუს სატელევიზიო მიმართვაში სთხოვა, რის შემდეგაც პრემიერმინისტრმა ის საკუთარ რეზიდენციაში მიიწვია და მათმა პარტიებმა პრეზიდენტს ვადის 48 საათით გახანგრძლივება ერთობლივად სთხოვეს.

განცისათვის სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად მიცემული ვადა 14 აპრილს ამოიწურა. ახლა მას და ნეთანიაჰუს შეთანხმების მისაღწევად კიდევ 2 დღე აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმების მიღწევა კვლავ ვერ მოხერხდება და ვერცერთი პოლიტიკური ძალა სამთავრობო კოალიციის შექმნას ვერ შეძლებს, ისრაელში განმეორებითი არჩევნები მესამედ დაინიშნება.

განცის პარტია ლურჯი და თეთრი 2 მარტს გამართულ არჩევნებში ნეთანიაჰუს ლიკუდის პარტიის მთავარი ოპონენტი იყო. არჩევნების შემდეგ პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა მთავრობის ფორმირების მანდატი სწორედ მას გადასცა.

ამ დრომდე განცი უარს ამბობდა ნეთანიაჰუსთან კოალიციის შექმნაზე და მიზეზად კორუფციის ბრალდებებს და მოქმედი პრემიერმინისტრის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას ასახელებდა.

თუმცა, მან თქვა, რომ კორონავირუსის კრიზისის გამო აუცილებელია შეიქმნას მთავრობა, რომელიც საგანგებო სიტუაციისას ქვეყანას მართავს:

"პოლიტიკურმა, სოციალურმა და ჯანდაცვის კრიზისმა მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მძიმე პოლიტიკური და პირადი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ლიკუდთან ერთად მთავრობა შევქმნათ"  - ნათქვამია განცის წერილში, რომელიც მისმა პარტიამ გამოაქვეყნა.

ისრაელის მედიის ცნობით, პარტიები უკვე შეთანხმდნენ ძალაუფლების განაწილებაზე. შეთანხმების მიხედვით ნეთანიაჰუ პრემიერმინისტრის პოსტზე კიდევ 18 თვე დარჩება, რის შემდეგაც მომდევნო არჩევნებამდე პოსტს ბენი განცი დაიკავებს.

ისრაელში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირების 11,145 შემთხვევაა გამოვლენილი, დაიღუპა 103, გამოჯანმრთელდა - 1,627 ადამიანი. ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის დახურულია ბიზნესების და დაწესებულებების ნაწილი, რის გამოც უმუშევრობის დონე 25%-ით გაიზარდა.

---

ისრაელის გენერალურმა პროკურორმა 2019 წლის 21 ნოემბერს პრემიერმინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს სამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საქმეზე ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. საქმეები ქრთამის აღებას, თაღლითობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეხება. სასამართლო პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე თვე ან წელს გაგრძელდეს. მისი მიმდინარეობისას ნეთანიაჰუ ვალდებული არაა, პოსტი დატოვოს. მას მაქსიმუმ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ვირუსის გამო სასამართლო პროცესი 24 მაისამდე გადაიდო.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის 17 სექტემბერს ჩატარებული განმეორებითი არჩევნების შემდეგ განცმა და ნეთანიაჰუმ კოალიციის შემქნაზე მოლაპარაკებები აწარმოეს, თუმცა უშედეგოდ.

კომენტარები