კორონავირუსი და ეკონომიკა

თურნავა: მზად ვართ, საერთაშორისო კომპანიებს საქართველო ალტერნატიულ პლატფორმად შევთავაზოთ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

საქართველოს მთავრობა საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს, მათი საქმიანობის დივერსიფიკაციის ფარგლებში, სამუშაოდ საქართველოში გადმოვიდნენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, კორონავირუსის კრიზისის შემდეგ, საერთაშორისო კომპანიები საქმიანობის დივერსიფიკაციასა და სხვადასხვა ქვეყნებში გადატანაზე იზრუნებენ, რადგან "შექმნილმა სიტუაციამ გვიჩვენა, რომ მნიშვნელოვანი წარმოების, თუნდაც შუალედური სამრეწველო წარმოების ერთ რეგიონში, ერთ ქვეყანაში მაღალი კონცენტრაცია გარკვეულ რისკებს ქმნის".

თურნავას თქმით, მთავრობას აქვს კონტაქტი ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებსაც საქმიანობის დივერსიფიკაცია სურთ.

"შექმნილი სიტუაცია გვიჩვენებს, რომ გლობალური კომპანიები ფიქრობენ გარკვეული ბიზნესების სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში გადატანას, რათა უფრო მეტად იყოს დაცული და დივერსიფიცირებული ნებისმიერი ბიზნესი.

ჩვენ მზად ვართ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტად კონკურენტუნარიანი ქვეყანა, ასეთ ბიზნესებს შევთავაზოთ საქართველო ალტერნატიულ პლატფორმად თავიანთი საქმიანობისთვის," - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

კომენტარები