პოლიტიკური დევნა

დეკანოიძე ოქრუაშვილზე: ივანიშვილი სარგებლობს სიტუაციით, მოატყუა საზოგადოება და პარტნიორები

ხატია დეკანოიძე
facebook.com/arsen.avakov

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის, თქმით, აშშ-ის საელჩოს მიერ ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯაზე გაკეთებულ განცხადებაში ნათლადაა ასახული ის, რომ ხელისუფლებამ 8 მარტს დადებული შეთანხმება არ შეასრულა. 

"განსაკუთრებით მართლმსაჯულების მიმართულებით, ვინაიდან ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს,"- ამბობს დეკანოიძე. 

ოპოზიციური ლიდერის თქმითვე, საელჩოს განცხადებაში ნათლადაა განმარტებული ისიც, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება სასამართლომ ქვეყანაში უმძიმეს დროს, პანდემიის პირობებში მიიღო. 

"ბიძინა ივანიშვილმა, ისარგებლა რა ამ ძალიან მძიმე სიტუაციით, მოატყუა საქართველოს საზოგადოება უკვე მერამდენედ, ასევე მოატყუა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. იგი სარგებლობს ამ მძიმე სიტუაციით დემოკრატიის გაუარესების კუთხით,"- ამბობს დეკანოიძე. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის 20 ივნისის საქმეზე პატიმრობის შეფარდებას აშშ-ის საელჩო 14 აპრილს განცხადებით გამოეხმაურა და დაწერა, რომ საელჩო ყველა ხელმომწერ მხარეს მოუწდებს, დაიცვან 8 მარტის შეთანხმება. 

განცხადებაში ასევე წერია, რომ ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით.

"ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას - საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება", - წერია განცხადებაში. 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებული შეთანხმება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად, პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს.

კომენტარები