ეკონომიკა

IMF-ის საიტზე მთავრობის მიერ 150 ლარიანი დახმარების შესახებ ინფორმაცია აღარ იძებნება

საქართველოს მთავრობა

მსოფლიო სავალუტო ფონდმა საკუთარი ვებგვერდიდან აიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დასაქმებულ მოქალაქეებს მთავარობა ყოველთვიურად 150 ლარს გადაუხდის. 

6 აპრილს, საიტზე განთავსებულ ანგარიშში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების მიერ მიღებულ ანტი-კრიზისულ გეგმებს ეხებოდა, ნათქვამი იყო, რომ საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს თვეში 150 ლარს გადაუხდიდა. ინფორმაცია გვერდზე დღევანდელ დღემდე იძებნებოდა. 

ინფორმაცია 150 ლარიანი დახმარების შესახებ, IMF-ის ანგარიშზე დაყრდნობით ქართულ მედიაში 13 აპრილს გავრცელდა და მანამდე მსგავსს საკითხზე მთავრობის წევრებს არ უსაუბრიათ. 

ამავე დღეს, მთავრობის პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ საკითხზე განცხადებას მთავრობა 14 აპრილს გააკეთებდა. დღევანდელ ბრიფინგზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ IMF-ის გვერდზე ამ ინფორმაციის განთავსება ტექნიკური შეცდომა იყო. 

"მთლად სიმართლე თუ გინდათ, ეს გეგმა მომზადებული იყო, სანამ ღრმა კრიზისში შევიდოდით, ეს იყო სულ პირველი მონახაზი 1-2 თვის წინ მომზადებული, სადაც ვფიქრობდით, რომ ერთჯერადი რაღაც შეიძლება მომხდარიყო. ეს ციფრი აქტუალური არ ყოფილა და თან ამას ემატებოდა სხვა რაღაცეებიც, იქ იყო სხვა დახმარება და ასე შემდეგ. დღეის მდგომარეობით, ეს ინფორმაცია გაიპარა და ტექნიკური შეცდომა იყო", — განაცხადა გიორგი გახარიამ. 

პრემიერის თქმით, მიზნობრივ სოციალური დახმარების კონკრეტულ გეგმას მთავრობა უახლოეს დღეებში წარადგენს და ის არ იქნება საარსებო მინიმუმზე ნაკლები.

 

კომენტარები