კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ვნების და ბრწყინვალე შვიდეულის კვირები იქნება რთული, კანონი უნდა იყოს დაცული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მომდევნო ორი კვირა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მხრივ უმნიშვნელოვანესი იქნება. მან აღნიშნა, რომ სააღდგომო პერიოდთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კონსულტაციები მიმდინარეობს. გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ "ოქროს შუალედი და კონსენსუსი გამოიძებნება". ის მოსახლეობას მოუწოდებს, კანონი დაიცვან. 

"კვირას იქნება ჩვენი ყველაზე დიდი საუფლო დღესასწაული ქვეყანაში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელსაც ყოველთვის ვზეიმობთ საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში.

ბევრი კითხვა შემოდის ამ საკითხთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა აღინიშნოს წელს - ამასთან დაკავშირებით, არაფერი დასამალი არ არის, რომ მიმდინარეობდა და მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოს ეკლესიასთან, რომელიც გახლავთ ყველაზე მაღალრეიტინგული და საუკუნეების განმავლობაში ყველაზე აღიარებული ინსტიტუცია ქვეყანაში, რომელმაც გამოაიარა ათასწლეულები და ის მხოლოდ ხელს უწყობს და უწყობდა ერის განვითარებას, ჯანმრთელობას, განათლებას.

ამიტომ, ეს ორი კვირა ვნების და შემდეგ ბრწყინვალე შვიდეულის, იქნება რთული, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, ეს ადვილად მოსავლელი დაავადება არ არის და არ იქნება. ამიტომ უნდა გავითავისოთ, როგორ მოვიქცევით თითოეული ჩვენგანი, როგორ ავარიდებთ თავს დიდ თავშეყრებს, იქნება ეს ოჯახებში, ეკლესიებში თუ სასაფლაოებზე.

კონსულტაციები საპატრიარქოსთან პირველი პირების მღვდელმთავრების ჩართვით მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. მე დარწმუნებული ვარ, ის ოქროს შუალედი და კონსენსუსი გამოიძებნება, რომ ეს ორი კვირა არ მიაყენებს ზიანს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას, არ იქნება ხელშემწყობი ქვეყანაში ფართმომასშტაბიანი ეპიდემიის დაწყების.

მოგიწოდებთ ყველას, დავიცვათ ყველა ის რეკომენდაციამ რასაც სახელმწიფო იძლევა - გვაქვს საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში კანონით გამოცხადებული. ჩვენ ვიბრძოდით დიდხანს, რომ ყოფილიყო სამართლებრივი ქვეყანა, სამართლებრივი ქვეყანა გახლავთ ქვეყანა, სადაც უზენაესი კანონია, ჩვენ ყველა კანონს ვემორჩილებით, ექიმი, იურისტი, მასწავლებელი, საეკლესიო მოღვაწე, ყველა. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ფუნდამენტი, რომ კანონი უზენაესია, ამიტომ კანონი უნდა იყოს დაცული ყოველთვის და განსაკუთრებით ამ პერიოდში, რომ როგორმე შედარებით რბილად გავიაროთ ეს ორი-სამი კვირა და ავცდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიას, რომ არ მივიღოთ ათასობით დაინფიცირებული" - თქვა გამყრელიძემ.

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, ეკლესიებში წირვა-ლოცვა კვლავ გრძელდება. წირვის დასრულების შემდეგ მრევლი ერთი კოვზით ეზიარება. 13 აპრილს, სამებაში შეკრებილ მრევლს გამოუცხადეს, რომ კომენდანტის საათის მიუხედავად, სამებაში სააღდგომო ლიტურგია ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება. არქიდიაკონ დემეტრეს ინფორმაციით, აღდგომის წინა ღამეს, 23:00 საათზე, პატრიარქი ილია მეორე სამების ტაძარში მივა, შემდეგ კი ლიტანიობა დაიწყება. არქიდიაკონის ინფორმაციითვე, სამებაში ვნების კვირეულის ღვთისმსახურებები და სააღდგომო ლიტურგიაც ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება, იქნება ლიტანიობა.  

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ საპატრიარქოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და "ოქროს შუალედს" ეძებენ. მისი თქმით, ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა, კანონი "არ და ვერ დაირღვევა". როგორც პრემიერი ამბობს, "ბრძენი მოქალაქე" არ უნდა დაელოდოს ეკლესიის მოწოდებას, რომ არ მივიდნენ ეკლესიაში.

"დავრჩეთ სახლში, ნუ დავაყენებთ ეკლესიას იმ მდგომარეობაში, ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, რომ არჩევანი გააკეთოს. რატომ ჩვენ ვაჟკაცობა არ უნდა გვეყოს, ჩვენი გადაწყვეტილების უნარი არ გვაქვს? არ გვაქვს იმის უნარი, რომ ავიღოთ პასუხისმგებლობა როგორც ეკლესიაზე, ისე სახელმწიფოზე?" - ამბობს გახარია.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებულია ე.წ კომენდანტის საათი და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გარეთ გასვლა აკრძალულია. ამასთან, 14 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე ხანგრძლივდება.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება უმცირესობაში სერბეთთან და პოლონეთთან ერთად. 

კომენტარები