ფინანსთა მინისტრი: საკომპენსაციო პაკეტის დეტალებს მთავრობა რამდენიმე დღეში გაავრცელებს

საქართველოს პარლამენტი

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის კომპენსაციის საკითხზე ისაუბრა. 

ფინანსთა მინისტრის თქმით, მთავრობა აღნიშნულ პაკეტზე უკვე მუშაობს და კონკრეტული გეგმა და რიცხვები ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.

"საკომპენსაციო პაკეტის დეტალებს მთავრობა რამდენიმე დღეში გაავრცელებს, არ მინდა, რომ მოვლენებს წინ გავუსწრო. აქ საუბარია რამდენიმე მოწყვლად ჯგუფზე, რომლებისთვისაც სხვადასხვა ტიპის კომპენსაცია იქნება. პრაქტიკულად, ეს ყველაფერი შეთანხმებულია, დარჩენილია გარკვეული დეტალები.

პაკეტები სხვადასხვა ჯგუფების მიმართ სხვადასხვანაირი იქნება. მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, თუ რამდენად დაზარალდა ესა თუ ის ჯგუფი და ასევე მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი რესურსები, რომლებიც შეზღუდულია. არაფერი არ იქნება დამალული და ყველას ექნება შესაძლებლობა, სრულად გაეცნოს კრიზისულ ბიუჯეტს", — განაცხადა მაჭავარიანმა. 

ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ მიზნობრივი ჯგუფებისა და კომპენსაციის თანხის გამოთვლა შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით მოხდება. მაჭავარიანი არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა კომპენსაციის თანხა საარსებო მინიმუმზე მეტი.

ცნობისთვის, დღეს გიორგი გახარიამ განმარტებები გააკეთა მსოფლიოს სავალუტო ფონდის საიტზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. 6 აპრილს ფონდის საიტზე გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 150 ლარს გადაუხდიდა. 

პრემიერმა განაცხადა, რომ ფონდის საიტზე ამ ინფორმაციის განთავსება "ტექნიკური შეცდომა" იყო და მთავრობა გეგმას უახლოეს დღეებში წარმოადგენს.

კომენტარები