კორონავირუსი და ეკლესია

მდინარაძე: არ არსებობს საკითხი, რაზეც სახელმწიფო და ეკლესია ვერ თანხმდება

ანა ახალია/ტვ პირველი

"არ არსებობს საკითხი, რაზეც სახელმწიფო და ეკლესია ვერ თანხმდება", - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. 

მდინარაძე ფიქრობს, რომ აღდგომის ღამეს ეკლესიაში ცოტა ადამიანი იქნება, რადგან ხალხი პასუხიმგებლობას გაითავისებს.

"ოქროს ბალანსი მარტივია, საკითხი სენსიტიურია. ჩვენ არ ვთხოვთ ეკლესიას, რომ ეკლესიის კარი დახუროს. ასეთი თხოვნა სახელმწიფოს მხრიდან არ არის, მაგრამ არც ეკლესიის მხრიდან არ არის თხოვნა, რომ რაღაც წესების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს წირვა“, - თქვა მდინარაძემ

ახალი კორონავირუსის შიდა გავრცელების დონზე და საგანგებო მდგომარეობის პირობებში ეკლესიებში წირვა-ლოცვა გრძელდება. 12 აპრილს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ბზობა აღნიშნა. ტაძრებში ხალხმრავლობა იყო, მრევლი ერთი კოვზით აზიარეს. სამების ტაძარში პატრიარქმა ილია მეორემ წირა.

ამავე დღეს ხალხს ვნების კვირეულის განრიგი გააცნეს და უთხრეს, რომ აღდგომის წინა ღამეს პატრიარქი სამებაში კომენდანტის საათის დროს მივა და სააღდგომო ლიტურგიას კანონდარღვევით ჩაატარებს. იქნება ლიტანიობაც.

ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ სამ ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია, თუმცა ეკლესიაში შექმნილ ხალხმრავლობაზე არ რეაგირებენ. 

13 აპრილს საქართველოში ახალი კორონავირუსი სასულიერო პირს დაუდასტურდა. მან 7 აპრილს, ხარებას, წირვა აღავლინა, ჩაატარა ზიარებაც. 

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება უმცირესობაში სერბეთთან და პოლონეთთან ერთად.

კომენტარები