ირაკლი ოქრუაშვილის საქმე

ოქრუაშვილი: პრობლემა ჩემი 5 წლიანი სასჯელი კი არა, ქვეყნის 90-იან წლებში დაბრუნებაა

"პრობლემას ვერც იმაში ვხედავ რომ ციხეში ვარ და ვერც იმაში რომ ივანიშვილის დავალებით 5 წელი მომისაჯეს სრულიად უსამართლოდ, პრობლემა იმაშია, რომ ქვეყანა 90-იანი წლების დონის გაღატაკების ზღვარზე აღმოჩნდება უახლოეს 2-3 თვეში", - ირაკლი ოქრუაშვილი, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, ციხიდან პირველ განცხადებას ავრცელებს.

ოქრუაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან ელჩების თანდასწრებით გაფორმებულ შეთანხმებას არღვევს, მაშინ როცა დასავლელი პარტნიორების ფინანსურ დახმარებაზეა ქვეყანა დამოკიდებული.

"მთლიანად დამოკიდებული ვართ საგარეო ფინანსურ დახმარებაზე ამერიკისა და ევროკავშირისგან და ამ დროს, ამ ქვეყნების ელჩების წინაშე გაფორმებულ შეთანხმებას არღვევ და მათ წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებ. თუ ვინმეს ჰგონია რომ ივანიშვილის “კაპეიკებით” ამოვალთ ამ წლის ეკონომიკური პრობლემებიდან, ძალიან ცდება", - წერს ოქრუაშვილი. 

პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის საქმეზე 5-წლიანი პატიმრობა 13 აპრილს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მიუსაჯეს

8 მარტს დიპლომატიურ კორპუსთან ერთად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია პოლიტპატიმრების საკითხი. საარჩევნო სისტემის ცვლილების გარდა, მხარეები ამ თემაზეც შეთანხმდნენ. 

ოპოზიცია ამბობს, რომ შეთანხმებისას კონკრეტული პირების გათავისუფლებაზე იყო საუბარი, და ესენი არიან, გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა, ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ შეხვედრაზე კონკრეტულ გვარებზე საუბარი არ ყოფილა. 

ის, რომ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე, კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე ისაუბრეს, დაადასტურა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმაც. პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ მემორანდუმს ხელი მხოლოდ პატრიოტთა ალიანსმა არ მოაწერა.

ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენზე გავრცელებულ განცხადებაში ხელისუფლებას შეთანხმების პირობების დაცვისკენ მოუწოდებს ამერიკის საელჩოც. დიპლომატიურმა უწყებამ განცხადება გუშინ, 14 აპრილს გაავრცელა სადაც წერს: "ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას - საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება".

კომენტარები