კორონავირუსი და ეკლესია

დეკანოზი შალვა: პირადად ვთხოვდი მთავრობას, დაგვეხმაროს აღდგომის ღამეს დისტანციის დაცვაში

რუსთავი 2

"პირადად ვთხოვდი მთავრობის წარმომადგენლებს, რომ აღდგომის ღამეს დაგვეხმარონ ეკლესიაში დისტაციის დაცვაში", - ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. მისივე თქმით, შენობასაც ამზადებენ, სადაც "შესაძლებელია, 2000-მდე ადამიანი დაეტიოს". 

"სკამებსაც ვუმზადებთ ადამიანებს, ხმის გამაძლიერებებსაც დავამონტაჟებთ. ვიცი, რომ ღამისთევა ძალიან რთულია. მთელი ღამის განმავლობაში მოუწევთ ადამიანებს აქ ყოფნა. ადგილებსაც მოვნიშნავთ, რომ ადამიანები დისტანციურად იდგნენ" - თქვა კეკელიამ და აღნიშნა, კომენდანტის საათის დროს ქუჩაში არავინ არ უნდა იყოს, რადგან ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, დაჯარიმდება. 

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ასევე 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ე.წ კომენდანტის საათია გამოცხადებული. აკრძალულია სამ ადამიანზე მეტის შეკრება. თუმცა, საპატრიარქო ღვთისმსახურებაზე ადამიანების დასწრებას არ ზღუდავს. ისინი აგრძელებენ ხატებზე მთხვევას და ერთი კოვზით ზიარებას.

დეკანოზმა კეკელიამ თქვა, რომ კომენდანტის საათი მრევლს ხელს ვერ შეუშლიდა აღდგომის ღამეს ლიტურგიაზე დასწრებაში - ისინი საღამოს 9 საათამდე შეიკრიბებოდნენ და დილამდე ტაძარში დარჩებოდნენ. მოგვიანებით დეკანოზმა თქვა, რომ ეს სიტყვები უკან მიჰქონდა, რადგან საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ იყო. 

ახალი კორონავირუსის შიდა გავრცელების ფონზე და საგანგებო მდგომარეობის პირობებში ეკლესიებში წირვა-ლოცვა გრძელდება. 12 აპრილს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ბზობა აღნიშნა. ტაძრებში ხალხმრავლობა იყო, მრევლი ერთი კოვზით აზიარეს. სამების ტაძარში პატრიარქმა ილია მეორემ წირა.

ამავე დღეს ხალხს ვნების კვირეულის განრიგი გააცნეს და უთხრეს, რომ აღდგომის წინა ღამეს პატრიარქი სამებაში კომენდანტის საათის დროს მივა და სააღდგომო ლიტურგიას კანონდარღვევით ჩაატარებს. იქნება ლიტანიობაც.

ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ სამ ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია, თუმცა ეკლესიაში შექმნილ ხალხმრავლობაზე არ რეაგირებენ. 

13 აპრილს საქართველოში ახალი კორონავირუსი სასულიერო პირს დაუდასტურდა. მან 7 აპრილს, ხარებას, წირვა აღასრულა, ჩაატარა ზიარებაც

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება უმცირესობაში სერბეთთან და პოლონეთთან ერთად.

კომენტარები