ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი

პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად, "პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანი, კოორდინირებული მართვისთვის", უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან შეიქმნა ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით.

ანტიკრიზისული ჯგუფი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს გააერთიანებს. პრემიერის გარდა, მისი წევრები იქნებიან პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო, ევროპასთან ინტეგრაციის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები.

ჯგუფის წევრი იქნება აგრეთვე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, თბილისის მერი და ბიზნესომბუდსმენი, ისევე, როგორც პრემიერმინისტრის მრჩევლები, სოზარ სუბარი და ბექა ლილუაშვილი. ჯგუფში იქნება ინვესტორთა საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელიც.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ჯგუფი რეგულარულად შეიკრიბება ვიდეოკონფერენციის ფორმატში, მიღებული გადაწყვეტილებები კი საზოგადოებას ინტენსიურად მიეწოდება.

კომენტარები