ნავთობის ბაზარი

ნავთობზე საერთაშორისო მოთხოვნა 1995 წლის დონემდე დაეცა

wordpress.com

გასული წლის აპრილთან შედარებით, საერთაშორისო მოთხოვნა ნავთობზე დღიურად 29 მილიონი ბარელით შემცირდა და 1995 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა. ამის შესახებ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დასკვნაში წერია.

სააგენტო ვარაუდობს, რომ მაისში მოთხოვნა კიდევ უფრო შემცირდება და კლება დღეში 26 მილიონ ბარელს გაუტოლდება. სააგენტოს პროგნოზით, ჯამურად, 2020 წლის განმავლობაში ნავთობზე მოთხოვნა რეკორდული 9,3 მილიონი ბარელით შემცირდება და 10 წლის წინანდელ მაჩვენებელს დაუბრუნდება. 

დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, სასაქონლო ბირჟებზე ნავთობი მნიშვნელოვნად გაიაფდა. საერთაშორისო სტანდარტად მიჩნეული Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 28 დოლარამდე დაეცა, ხოლო რუსული წარმოების URALS-ის ფასმა 17 დოლარი შეადგინა. 

კორონავირუსის პანდემიისა და გაზრდილი მოპოვების ფონზე, ამ დროისთვის ნავთობის საერთაშორისო მიწოდება მოთხოვნას დღიურად 20 მილიონი ბარელით აღემატება. ჭარბი ნავთობს მყიდველები გაცილებით უფრო იაფად, მარაგების შევსების მიზნით ყიდულობენ, რამაც ინდუსტრიაში ლოჯისტიკური პრობლემები გამოიწვია. 

გასულ თვეში მსოფლიოს არაერთ რეგიონში სასაწყობე ფართების დეფიციტის გამო ნავთობზე უარყოფითი ფასები დაფიქსირდა. არასაკმარისი სასაწყობე რესურსის ფონზე გამყიდველები ფულს უმატებდნენ მყიდველს, რომელიც პროდუქციის შენახვას საკუთარ თავზე იღებდა. 

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ცნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კარანტინისა და თვითიზოლაციის რეჟიმი ჯამურად 4 მილიარდ ადამიანს ეხება. რეკორდულად შემცირდა ავიგადაზიდვები, რის ფონზეც თითქმის განახევრდა საავაციო ნავთობის მოხმარება. დღიურად საავიაციო ნავთობის წილი მთლიან მოხმარებაში დაახლოებით 8%-ს შეადგენს. 

გადავსებული საწყობები

სააგენტოს შეფასებით, წლის პირველ ნახევარში ნავთობის საერთაშორისო მარაგები დღიურად 12 მილიონი ბარელით ივსება, რაც ლოჯისტიკური რესურსების დეფიციტს ქმნის. სააგენტოს შეფასებით, უკვე ივნისისთვის საოპერაციო სიმძლავრეებმა შესაძლოა დატვირთვას ვეღარ გაუძლონ. 

"ნავთობის ინდუსტრია არასდროს ყოფილა ასე ახლოს ლოჯისტიკური სიმძლავრეების ამოწურვასთან", — ნათქვამია დასკვნაში.

საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებში დიდი ზომის ტანკერებზე მაღალი მოთხოვნის გამო ბოლო თვეების განმავლობაში ორჯერ გაიზარდა გემების მომსახურების ფასი. ამასთანავე, არსებობს ნავთობის სახეობის პრობლემაც, ხშირად პროდუქტი სპეციფიკურია და მის შესანახად ცალკე სივრცეა საჭირო. მარტის ბოლო კვირაში თავისუფალი სივრცეების მაჩვენებელი საკმარისი იყო 9-დან 18 დღემდე პერიოდისთვის. 

12 აპრილს OPEC და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ მაისსა და ივნისში მოპოვებას დღიურად 9,7 მილიონი ბარელით შეამცირებდნენ. წლის მეორე ნახევარში ლიმიტი 7,7-მდე შემცირდება. შეთანხმების მოქმედების ვადად კი, 2022 წლის აპრილი განისაზღვრა. შეთანხმების შემდეგ, გაჩნდა მოსაზრება, რომ ახალი ლიმიტები არ იქნება საკმარისი ფასების საგრძნობი ზრდისთვის და, როგორც ჩანს, სწორედ ეს არის ბაზარზე განვითარებული მოვლენების მიზეზიც. 

ანალიტიკოსები თვლიან, რომ ნავთობის ფასები უახლოეს მომავალში შესაძლოა, დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდეს, რაც დამატებით სტიმულს მისცემს OPEC-ის არაწევრ სახელმწიფოებს, შეამცირონ მოპოვება, მათ შორის, აშშ-საც. 

ბაზრის მიმომხილვების აზრით, ნავთობის ფასები არსებულ ამპლიტუდაში მანამ შენარჩუნდება, სანამ მიწოდება სათანადო დონემდე არ დაიწევს. 

 

კომენტარები