კორონავირუსი და ეკლესია

მიტროპოლიტი იობი მღვდლის ინფიცირებაზე: შეიძლება, ცოდვის ნაყოფია

ნიკოლოზ კვანჭიანი

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი მიიჩნევს, რომ რომ სასულიერო პირის დაინფიცირება მისმა ცოდვებმა გამოიწვია.

დღეს, 15 აპრილს ქადაგებისას მღვდელმთავარმა თქვა:

"დღეს ამბობენ, რომ აი, სასულიერო პირი დაავადდა. სასულიერო პირი არ სცოდავს? ის ანგელოზი ხომ არ არის. შეიძლება, ცოდვის ნაყოფია, რაც დაუშვა უფალმა. ეს ჩვენ ხომ არ ვიცით - თვითონ იცის და მისმა მოძღვარმა. შემთხევით არაფერი ხდება. რახან შესცოდა... ყველა ვცოდავთ, მეც ვცოდავ.. არ არის კაცი, რომელიც არა სცოდოს და არ სცხონდეს".

მღვდელი გიორგი პაპავა, რომელიც ვერაზე, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში მსახურობს, ახალი კორონავირუსით 13 აპრილს დაინფიცირდა. მან 7 აპრილს წირვა ჩაატარა, ასევე, ტაძარში იმყოფებოდა მომდევნო დღესაც. ინფიცირებულია მისი და, რომელიც ექთანია და რომელმაც, თავის მხრივ, ვირუსი კლინიკა "თიმის" 4 თანამშრომელს გადასდო.

მიტროპოლიტი იობი, ისევე, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალიერარქთა უმრავლესობა, მათ შორის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოსახლეობას კანონდარღვევისა და საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობსთვის საფრთხის შექმნისკენ უბიძგებს.

ახალი კორონავირუსი ინფექციაა, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა და პანდემიად გამოცხადდა. Covid 19 ადამიანიდან ადამიანზე წვეთოვანი გზით, ყველა აქამდე ცნობილ ვირუსზე მარტივად გადადის და განსაკუთრებულ საფრთხეს ასაკით უფროს ადამიანებს, ასევე, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე პირებს უქმნის.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, დახურულია სავაჭრო ობიექტები, აგრარული ბაზრები, შეჩერებულია არაერთი ბიზნესის ფუნქციონირება, ჩაკეტილია ქალაქები, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ამასთან, მოქმედებს კომენდანტის საათი, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება და მისი დარღვევისთვის გამოწერილია დაახლოებით 10 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა.

თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონს და ყველა დადგენილ წესს უგულებელყოფს და მას პასუხს არც ხელისუფლება სთხოვს. მიუხედავად ექიმების განცხადებებისა, რომ საეკლესიო დღესასწაულებზე ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება და ჯანდაცვის სისტემა შექმნილ ვითარებას ვერ გაუმკლავდება, ეკლესია წირვა-ლოცვებს ჩვეულებრივ აგრძელებს და მრევლს კვლავაც ერთი კოვზით აზიარებს.

კომენტარები